საკმარისია თუ არა საავიაციო პარკი კრიზისული სიტუაციებისთვის
ვინ არიან გმირი მფრინავები, რომლებმაც ჩხოროწყუში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები გუშინ ვერტმფრენის საშუალებით გამოიყვანეს?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ შსს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები: ბესო გაბიანი, ბესო ბაკურიძე, შალვა შალიბაშვილი და დიმიტრი ქააძე.
მდინარე ხობისწყლის ადიდების შედეგად, სოფელ ხაბუმეში სათევზაოდ წასული ორი პირი ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, მათ დასახმარებლად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩხოროწყუში ბათუმიდან გაფრინდა.
თვითმფრინავს მართავდა გამოცდილი მფრინავი ბესიკ გაბიანი, რომელიც 2 თვის წინ შსს-ს მინისტრმა დააჯილდოვა.
პოლიციის მაიორი ბესიკ გაბიანი, 18 წელია ავიაციას ემსახურება, ის გახლდათ სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელი და თვითმფრინავის პილოტი. მან ადიდებულ მდინარეში პატარა კუნძულზე დარჩენილი ორი მოქალაქის გადარჩენა ვეტმფრენით შეძლო. მდინარეში წყლის მატებისა და დინების გაძლიერების გამო, მაშველები შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
ხაბუმეს მკვიდრი 2 მოქალაქე მდინარე ხობის ნაპირას თევზაობდა, წყალმა კი მატება უეცრად დაიწყო, რის შემდეგაც მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს და სამაშველო სამსახურში დარეკეს.
„ბათუმში ვახორციელებდი სამძებრო სამუშაოებს, რა დროსაც, ჰაერში მივიღე შეტყობინება, რომ ჩხოროწყუში, მდინარე ხობისწყალზე ორ მეთევზეს სჭირდებოდა დახმარება; გავემართეთ იმ ადგილისკენ, სადაც ეს ადამიანები იყვნენ. ჯერ ჩხოროწყუს სტადიონზე დავეშვით, სადაც ორი ადგილობრივი მაშველი ავიყვანეთ, ამის შემდეგ, იმ ადგილზე ავფრინდით, სადაც მეთევზეები იყვნენ. რელიეფი საკმაოდ რთული იყო, ადიდებული მდინარე, ტყე, ქარი და წვიმა – ეს ყველაფერი ასეთ დროს საკმაოდ ართულებს სამაშველო ოპერაციას.
გავრისკე და ამ ზონაში შევედი, ნელ-ნელა დაშვება დავიწყეთ, ჩვენი ბორტის ინჟინერიც მეხმარებოდა. მახსოვს, წყალსაც შევეხეთ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული ფრენა იყო. რომ მივედით, ეს ადამიანები ვეღარაფერს ებღაუჭებოდნენ.
ეკიპაჟის წევრმა კიბე ჩაუშვა და ეს ორი ადამიანი ამოვიყვანეთ. საკმაოდ დიდი ემოციაა, როცა იცი, ორი ადამიანი გადაარჩინე. 18 წელია, სასაზღვრო პოლიციაში ვმსახურობ, დაახლოებით 30 წელი კი, ზოგადად ავიაციაში ვარ. ფრენა მიყვარს და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ავიაციაში ვარ“, – განაცხადა ბესიკ გაბიანმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას.
ეკიპაჟის სხვა წევრების თქმითაც, დღეს, მდინარე ხობისწყალზე დაშვება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული.
მფრინავის და მისი ეკიპაჟის გუშინდელ თავდადებას პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა, რომელმაც მათი საქციელი გმირობად შეაფასა.
გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოვება და წახალისება.
„გუშინ შავი ზღვის აკვატორიაზე, 5 ბალამდე შტორმის დროს, მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ეს თავდადება არის ძალიან დასაფასებელი და მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართო, რომ უზრუნველყოს მათი სათანადოდ დაჯილდოვება და წახალისება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და ეს უაღრესად საპატიო საქმეა. ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები გვყავს და ასევე მფრინავები, რომლებმაც სასწაული შეძლეს გუშინ“,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
გენერალი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ საუბრისას მფრინავის და მისი ეკიპაჟის გმირობას აფასებს. გენერალი ამბობს, რომ ეს სამაშველო ოპერაცია ძალიან მაღალი რისკის შემცვლელი იყო და მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული. მისი განცხადებით, ეკიპაჟს ვერტმფრენის შასით თითქმის წყალზე შეხება მოუწიათ.
სალუქვაძის თქმით, ეს ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია, რადგანაც ამ დროს შესაძლოა ტალღა მოვარდეს, ან მორები მოიტანოს, ან თვითონ ვერტფრენის მუშაობისგან ჰაერის ნაკადებმა შესაძლოა წყალში მყოფ ადამიანებზე მოახდინოს ზემოქმედება; ასევე გართულებულია შვეულმფრენის პილოტირება და ა.შ.
გენერალი, ამავე დროს, რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ რამდენიმე წუთით დაგვიანებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოეტანა. საქართველოში ყოველ წელს ხდება სტიქიური უბედურებები, ამიტომ სამსჯელო და გასააზრებელია, რომელ აეროდრომებზე უნდა გაგვაჩნდეს მორიგე ეკიპაჟები და მზადყოფნის რა დონეები უნდა დაწესდეს მათთვის.
„ მთავარი ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, საკმარისია თუ არა ის საავიაციო პარკი, რომელიც გაგვაჩნია სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანების გადასაჭრელად; ეს იქნება სტიქიის შედეგებთან ბრძოლა თუ უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში.
მართალია ყველა რაიონებში ვერ შევძლებთ, რომ მორიგე ეკიპაჟები გვყავდეს, მაგრამ რეგიონების მიხედვით მაინც უნდა გვყავდეს. თუნდაც ეს იყოს მხოლოდ დასავლეთში და აღმოსავლეთში , რადგანაც ასეთ კრიზისულ სიტუაციებში მანევრირების სწრაფი საშუალება მიეცეთ.
ესენი იყვნენ მხოლოდ სამაშველო ოპერაციებისთვის. გუშინ იმოქმედა სასაზღვრო პოლიციის ეკიპაჟმა- ეს მათი ამაოცანა არ იყო. ისინი თავისი საქმით არიან დაკავებულები; ანალოგიურ სიტუაციაშია თავდაცვის სამინისტროც. ყველა უწყებას, რომელსაც საავიაციო ეკიპაჟი ჰყავს, თავისი ფუნქცია აქვს და ასეთ კრიზისულ სიტუაციაში შესაძლოა დროულად მისვლა ვერ მოასწრონ. გუშინდელი ოპერაცია, ღმერთის წყალობით, მშვიდობიანად დასრულდა. ეკიპაჟს ცოტაც რომ დაეგვიანა, კაცმა არ იცის რით შეიძლება ეს დამთავრებულიყო.
არ ვამბობ, რომ სამაშველო სამსახურს თავისი ავიაცია ჰქონდეს, მაგრამ შედგეს ერთიანი გრაფიკი და დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოში მათი მიმაგრება მოხდეს. მითუმეტეს, ამ სეზონზე, როდესაც სტიქიის საფრთხის რისკი გაზრდილია.
სანამ გვიანი არაა, კიდევ ერთხელ გავიაზროთ სუ-25-ების ბედის საკითხი. ეკიპაჟის წევრებს კი მადლობას ვუხდი და მოვუწოდებ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ეს ადამიანები წახალისებულები იყვნენ, რადგანაც ნამდვილად მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული სამაშველო ოპერაცია იყო“,-ამბობს „მეტრონომთან“ საუბრისას სალუქვაძე.
ავტორი: ელზა პაპოშვილი