ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად  დაზარალებულები თბილისის ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს შეხვდებიან.

რამდენიმე საათის წინ, ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის მიმდებარედ სიტუაცია დაიძაბა. ერთმანეთს დაზარალებული მოვაჭრეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოვაჭრეები დამწვარ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარი საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. დაზარალებულებს მათი კუთვნილი იმ პროდუქციის გამოტანა სურდათ, რომელიც ხანძარსა და წყლის ჭავლს გადაურჩა. თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.

რაც შეეხება შეხვედრას ლაშა აბაშიძესთან, ეს შეხვედრა დედაქალაქის მერიაში 13:00 საათზე ჩაინიშნა. თუმცა, დაზარალებულები ითხოვენ, რომ ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დამწვარ ტერიტორიაზე მივიდეს და ყველას პოზიცია მოისმინოს.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს დაახლოებით 21:00 საათისთვის ე.წ. ელიავას ბაზრობაზე სამსართულიან ავტონაწილებისა და საღებავების მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად დაიწვა დაახლოებით 2 500 კვ.მ ფართობი. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბაზრობაზე შესაძლოა ხანძარი განზრახ ყოფილიყო გაჩენილი.

იტვირთბა....