ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: ტექდათვალიერების ამოქმედებამდე, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები 2017 წლის პირველ ივლისამდე არსებული სამართლებრივი რეჟიმით ისარგებლებენ

ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის პირველ ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებისთვის მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან გამკაცრდება შემოწმება და მათზე გავრცელდება ქულების შემცირება, არასწორია.

უწყების ცნობით, გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას.

​„მედიასაშუალებებით გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ბუნებრივი აირის სისტემაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლის შესახებ, თითქოს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გამკაცრდება შემოწმება და მათზე გავრცელდება ქულების შემცირება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-7 ნაწილში, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს, არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა.

ასევე, არ შეცვლილა საპატრულო პოლიციის აქამდე არსებული მიდგომა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით. ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ. გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....