დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძის სასამართლო პროცესზე ბრალდებულსა და ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროს რამაზ თარაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
პროცესზე ხარშილაძემ პოლიცია მისთვის ნარკოტიკების ჩადებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ნარკოტიკი ადგილზე თარაშვილის მანქანით მიიტანეს.
“თქვენმა მოადგილემ ჩაატარა ოპერაცია ისე რომ თქვენ არ იყავით საქმის კურსში? თქვენი მანქანიდან ამოიღეს ნარკოტიკი და ჩამიდეს”, – განაცხადა დავით ხარშილაძემ.
„4 ივლისს გავასაჯაროებ დეტალებს. შემიძლია ისიც ვთქვა, რა განაჩენს გამოიტანენ“ – ეს განცხადება სასამართლო სხდომის დაწყებამდე ელისო კილაძემ გააკეთა.
გაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის შვილი 13 მარტს დააკავეს. 28 წლის დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.
თბილისის პროკურატურამ დავით ხარშილაძის დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება მარტის ბოლოს დაიწყო.