„როდესაც ფეხების ბაკუნით იმის გატანა გინდა, რაც შენ გგონია, რომ სწორია“
საქართველოში ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა. ჯონი ბუკიკიო, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მთავრობის წევრებს და ოპოზიციას ხვდებოდა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბოლოო კორექტირებული ვარიანტით უკმაყოფილო დარჩა. მან საკონსტიტუციო ცვლილებების როგორც საბოლოო პროექტი, ასევე პროცესი გააკრიტიკა. ბუკიკიომ საარჩევნო სისტემასთან მიმართებაშიც საკმოდ მწვავე შეფასება გააკეთა.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განსაკუთრებული კრიტიკა მმართველი გუნდის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, სადაც „ოცნებამ“ კონსტიტუციის კორექტირებულ ვარიანტში ჩაწერა, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გადავადდა. ბუკიკიო ამბობს, რომ კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა – მხოლოდ უმრავლესობას. მისი მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო, რომელიც ხელისუფლებამ არ გაიზიარა.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული. პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ და ჩვენი მოკრძალებული რჩევითა და დახმარებით კარგი საქმე გავაკეთეთ. ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედს ვიტოვებ და ვიწვევ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ვიპოვოთ კარგი, კომპრომისული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დღეს ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ბათუმში დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან შეხვედრები გამართა.
ბუკიკიოს ყველა მათგანმა შეძლებისდაგავარდ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების და პროცესის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა. თუმცა ჯანი ბუკიკიოს დღის განმავლობაში თავისი დამოკიდებულება არ შეუცვლია:
„ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები“, – ამის შესახებ ჯანი ბუკიკიომ უკვე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას, რათა უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია მიეღო:
„ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს“, – აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ ჯანი ბუკიკიოს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების საბაზისო საფუძველი იყო, რომელიც საქართველოში ხორციელდება:
„ მადლობა გადავუხადე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის და გვქონდა საუბარი ასევე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, – განაცხადა პრემიერ -მინისტრმა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ავუხსენი, რომ კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, მას სურს, საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა:
“მიმაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა უნდა იყოს მისაღები სხვა პარტიებისთვისაც და დამტკიცდეს ფართო კონსენსუსის შედეგად“,- აღნიშნა ბუკიკიომ.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კი პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს. საგანგებო, ერთობლივი განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პროცესი იქცა -“ქართული ოცნება” ყველას წინააღმდეგ-, რადგან მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური წრეების, არც მესამე სექტორის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად მოტყუებული აღმოჩნდა, რადგანაც მას რაც წააკითხეს და რაზეც დასკვნა მიაღებინეს, ბოლოს აღმოჩნდა, რომ გადაიფიქრეს.
ხუხაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა მომხდარიყო.
თუმცა ანალიტიკოსის განცხადებით, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რომ ხელისუფლება სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. ხუხაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა ვერცერთი ჯგუფი ვერ ნახა, რომელიც ამ კონსენსუსის ძიების დროს მათი პარტნიორი იქნებოდა:
„ჯანი ბუკიკიო იმედგაცრუებული უფრო იმით არის, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით, ვერცერთ სოციალურ ჯგუფთან კონსენსუსი ვერ შეძლო. ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია სწორედ ეს იყო.
დაახლოებით „ქართული ოცნება“ ასე მოიქცა, როცა მეზობლებს ოჯახის სახელით რაღაცაზე მოელაპარაკები და მერე ეუბნები, რომ დედიკო წინააღმდეგი ყოფილა და ცვლი მოლაპარაკების შეთანხმებას. ეს სერიოზული საქციელია?!
სწორედ ასე მოიქცა ჩვენი ხელისუფლება ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან. ეს არის კლასიკური, მინიმუმ პოლიტიკური ინფანტილიზმი, როდესაც ფეხების ბაკუნით იმის გატანა გინდა, რაც შენ გგონია, რომ სწორია.
ახლა, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრაზე რაც არ უნდა ეთქვათ, ბუკიკიო თავის დამოკიდებულებას მაინც არ შეცვლის. რაღაცას ეტყოდნენ, მაგრამ ის რამდენად დაიჯერებდა, ეს სხვა საკითხია“,-ამბობს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საზოგადოებასთან ერთად „ოცნებისგან“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიოც მოტყუებული აღმოჩნდა.
ნოდიას განცხადებით, ხელისუფლება ილუზიას ქმნიდა, რომ ის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს იზიარებდა, თუმცა ბუკიკიოს კრიტიკის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს ასე არ არის და მმართველმა გუნდმა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინება შეძლო:
„მართალია ვენეციის კომისიის უფლებამოსილება შეზღუდულია და ის მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება, მაგრამ თავად ხელისუფლება ქმნის ილუზიას, რომ ის მის რეკომენდაციებს იზიარებს. სინამდვილეში ბუკიკიოს განცხადებების შემდეგ სრულიად სხვა რეალობა აღმოჩნდა. ხელისუფლება თამაშობს, რომ ის პროევროპულია და ყველა მათ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
თუმცა ბოლოს გამოდის, რომ მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებთან გვაქვს საქმე. ამიტომ გამოხატა გაკვირვებაც და იმედგაცრუებაც ჯანი ბუკიკიომ, რომელსაც სრულიად სხვა რაღაც წააკითხეს, სინამდვილეში კი ისე გადაწყვიტეს, როგორც თავად სურდათ.
მმართველი გუნდი რეალურად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მთლიანად იგნორს არ უკეთებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაიზიაროს და არა – ქვეყნის ინტერესები.
ვენეციის კომისიამ რაც გააკეთა, ამაზე მეტს ვერაფერს იზამს. დაძალებით ის საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს დააძალებს. უბრალოდ, მოსაზრება გაქარწყლდა, რომ ხელისუფლება ვენეციის კომისიის რჩევებს ითვალისწინებს“,-ამბობს გია ნოდია „მეტრონომთან“.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და გააკეთონ ყველაფერი, რათა საქართველოში დემოკრატია გაუმჯობესდეს.
მისი თქმით, ოპოზიციასთან კარგი და კონსტრუქტიული შეხვედრა ჰქონდა. ბუკიკიო აცხადებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის უფრო დემოკრატიულ კონსტიტუციას. მათ ესმით შექმნილი კრიზისი და ბუკიკიო დარწმუნებულია, რომ ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებენ, რათა გადალახონ ეს კრიზისი.
„ადრეც ვთქვი, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ შეისწავლა, მთლიანობაში კარგია. ანუ, უკვე არის დადებითი ნაბიჯი, მაგრამ ბოლო ცვლილებების შემდეგ უკვე ვერ ვიტყვი, რომ ასეა. მოვუწოდებ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ყველაფერი შესაძლებელი გააკეთონ, რათა საქართველოში დემოკრატია გააუმჯობესონ“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ავტორი: ელზა პაპოშვილი