ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს. საგანგებო, ერთობლივი განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

“ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, პროცესი იქცა -“ქართული ოცნება” ყველას წინააღმდეგ, რადგან მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც პოლიტიკური წრეების, არც მესამე სექტორის და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

ჯანი ბუკიკიო საქართველოში 28 ივნისს 40-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სტუმართან ერთად ჩამოვიდა, რომელთა შორისაც არიან საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 19 ივნისს გახდა ცნობილი. ევროპელმა ექსპერტებმა რჩევები 111-ე პლენარული სესიის ფარგლებში 16 ივნისს მიიღეს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.

იტვირთბა....