საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზად არის გააკეთოს ახსნა განმარტებები ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან, თუ რატომ გადავადდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 4 წლით. მისი თქმით, ჯანი ბუკიკიოს დაწვრილებით აუხსნიან რა გახდა ამის მიზეზი. კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ ის დამოკიდებულებას შეიცვლის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებული ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა.
„შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ ავუხსნათ ჯანი ბუკიკიოს ის თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილებების მიზეზი. ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა თავისი მიზეზი, ამაზე გვექნება დღეს საუბარი და დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ჯანი ბუკიკიოსგან იქნება ბუნებრივია, შესაბამისი პასუხი. როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელია მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში, აქედან გამომდინარე არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა,“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.