დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოსა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან განმარტებებს ითხოვს, – ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეკანოზი უახლოეს პერიოდში როგორც საპატრიარქოს, ასევე ეპარქიას წერილობით მიმართავს და მოითხოვს განმარტებებს მისთვის სასჯელის დადებებთან დაკავშირებით.
“მამა გიორგი ითხოვს განმარტებებს საპატრიარქოდან, საიდან გამომდინარეობდა პირველ რიგში მეუფე იაკობის მიერ სასჯელის დადება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისგან კი აინტერესებს, რატომ დაედო ორი სასჯელი, ვინაიდან როგორც მამაომ მითხრა კანონიკური სამართლით არ შეიძლება სასულიერო პირს ორი სასჯელი დააკისროს, მამა გიორგის კი შეუჩერდა მღვდელმსახურება და ასევე უარი ეთქვა ზიარების უფლებაზე”, – განაცხადა მია ზოიძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ დეკანოზს მხოლოდ მღვდელმსახურება შეუჩერდა სასამართლო განხილვების დასრულებამდე და დეკანოზის სტატუსი არ ჩამორთმევია.
“მამა გიორგი ასევე მოხარულია, რომ მეუფე იაკობის არასამართლიან სასჯელზე რეაგირება მოხდა მისი ეპარქიის მხრიდან”, – აღნიშნა დეკანოზის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გუშინ განცხადება გაავრცელა. მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილების მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა.