ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე პატრიარქისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაზე საუბრობს. მისი თქმით, პატრიარქი ვაკუუმში იმყოფება და ის რეალურად ინფორმირებული არ არის. მეუფეს განცხადებით, ყვითელი პრესის მეშვეობით, დაკვეთილი სტატიების გამოქვეყება ხდება, რომლსაც შემდეგ მას აკითხებენ. რის შემდეგადაც მას სრულიად სხვა წარმოდგენას უქმნიან.
“შეკვეთა აღესრულება ყვითელი პრესის ჟურნალისტების მეშვეობით, შემდეგ იწერება სტატია, ასევე უპასუხისმგებლო, ცილისმწამებლური, გაყალბებული, ან კონტექსტიდან ამოჭრილი სათაურებით, შემდეგ ეგ სათაური წაეკითხება მის უწმინდესობას, ან სტატია”,-აცხადებს მეუფე პეტრე.
ის დღეს გასაჯაროებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც პატრიარქის დეკანოზ მამალაძის ძმის ერთ-ერთი საგაზეთო ინტერვიუთი ინტერესდება. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პროვოკაციული სტატიების დაკვეთა პატრიარქის მდივნის მხრიდან ხდება.
კითხვაზე პატრიარქი დეზინფორმირებულია? მეუფე პეტრე პასუხობს:
“როდესაც ზიარების საკითხს ვეხებით და მღვდელი სამშაბათს ამბობს, რომ ჩვენ პატრიარქმა დაგვავალა მისი ზიარების საკითხი და ხვალ-ზეგ შევალთ, ანუ მაქსიმუმ ხუთშაბათს – გუშინდელ დღეს და დღეს უკვე განცხადება კეთდება, დარწმუნებული ვარ შეიძლება ესეც არ იცოდეს მისმა უწმინდეოსობამ. ყოველ შემთხვევაში ეჭვი ჩნდება”,- განაცხადა მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირები მას პატრიარქთან საუბარს აწყვეტინებდნენ. ამის საპასუხოდ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მამალაძის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ვინაიდან შეხვედრა იწერებოდა, შესაძლებელია აღნიშნული მასალის გასაჯაროება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა დღეს, 23 ივნისს, იმართება. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.