ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგი”: საპატრიარქო ჩანაწერს ასაჯაროებს (ვიდეო)

საქართველოს საპატრიარქო ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების და პატრიარქის შეხვედრის აუდიოჩანაწერს ასაჯაროებს. საპატრიარქოს განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ მედიაში შეხვედრის შესახებ დამახინჯებული და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, მათ გადაწყვიტეს, რომ საზოგადოებისთვის შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი ეჩვენებინათ.

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ა.წ. 21 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შედგა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრა. სამწუხაროდ, მედიასივრცეში ვრცელდება საუბრის ტენდენციური და დამახინჯებული ვერსია. გთავაზებთ შეხვედრის სრულ აუდიო ჩანაწერს. მსმენელმა თვითონ განსაჯოს, რა ითქვა და როგორ ითქვა.

საქართველოს საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოხატავს გულისტკივილს განვითარებული მოვლენების გამო და ვიმედოვნებთ, სიმართლე მალე დადგინდება.” ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირები მას პატრიარქთან საუბარს აწყვეტინებდნენ. ამის საპასუხოდ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მამალაძის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ვინაიდან შეხვედრა იწერებოდა, შესაძლებელია აღნიშნული მასალის გასაჯაროება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა დღეს, 23 ივნისს, იმართება. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.

 

იტვირთბა....