შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 0,0358 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის და ბრაუნინგის სისტემების 2 პისტოლეტი და 120 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული იარაღი და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისათვის.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ლ.ვ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).