ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: დეკანოზის ოჯახი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების წინააღმდეგი არ არის

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი წინააღმდეგი არ არის საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების, – ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

”საპატრიარქოს შეხვდა მისი ოჯახი. ადვოკატები არ დაგვასწრეს ამ შეხვედრაზე, თუმცა დეტალურად გავიარე ოჯახთან შეხვედრის დეტალები. ოჯახს შეწყალების საკითხი არ დაუყენებია პატრიარქთან შეხვედრაზე ორი მიზეზის გამო: 1. ადამიანს ვერ შეიწყალებ თუ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის გამოტანილი; 2. ოჯახის და დეკანოზის პოზიციაა, რომ მას უნდა გამართლება და არა შეწყალება. როგორც ოჯახის წევრებისგან მაქვს ინფორმაცია, ისინი წინააღმდეგი არ არიან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების. უბრალოდ, ისინი იმედოვნებენ, რომ თუ გასაჯაროვდება ჩანაწერი, გამოქვეყნდება სრულად და არა ფრაგმენტულად. მაგალითად, გუშინ იყო ასეთი შემთხვევა: როგორც ოჯახიდან ვიცით, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ 2-3 დღეში შევა სასულიერო პირი და აზიარებს დეკანოზს, თუმცა შემდეგ გამოვიდა მიქაელ ბოტკოველი და თქვა, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა. ასეთი რამეების გამოსარიცხად, კარგი იქნება შეხვედრის გასაჯაროება საპატრიარქოს სურვილის შემთხვევაში, – განაცხადა ფანცულაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირები მას პატრიარქთან საუბარს აწყვეტინებდნენ. ამის საპასუხოდ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მამალაძის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ვინაიდან შეხვედრა იწერებოდა, შესაძლებელია აღნიშნული მასალის გასაჯაროება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა ხვალ, 23 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.

იტვირთბა....