დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ პატრიარქი ამ თემასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობდა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მყოფი სასულიერო პირები მამა იაკობი, მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერ გოგოტიშვილი მას საუბარს არ აცდიდნენ და აწყვეტინებდნენ.
„უწიმინდესმა ბოლომდე მოგვისმინა, მიუხედავად იმისა, რომ მამა დავით ჭინჭარაული ცდილობდა ჩემთვის საუბარი შეეწყვიტინებინა. მოდიოდა ჩემს ზურგს უკან, ხელს მადებდა და რატომღაც მეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო.
პატრიარქს ისევ ის პოზიცია აქვს, რომ აქამდე მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გაუგია და ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისკენ. სიტყვას პატრიარქსაც აწყვეტინებდნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ დაეცადათ, რადგან დიდი დრო არ გვქონდა.
უწმინდესს არაფერი უკითხავს ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. მე მივხვდი, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვადებ ხელს მეუფე იაკობს და რატომ ვადანაშაულებ ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს. მას არ ჰქონდა წაკითხული ჩემი ინტერვიუები.
პატრიარქს სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ მეუფე იაკობმა გააწყვეტინა და ასე მითხრა, რომ უწმინდესმა დაგვავალა, მამა გიორგი ვაზიაროთო. მე ამასთან დაკავშირებით ვუთხარი, რომ მამა გიორგი 4-5 თვეა ზიარებას ითხოვს, რაზეც პატრიარქი ჩუმად იყო. აქედან გამომდინარე ვივარაუდე, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ამის შესახებ.
მამა დავით ჭინჭარაული, ზურგს უკან მედგა და ცდილობდა ჩემთვის საუბარი შეეწყვეტინებიდა. იქვე იყო მეუფე იაკობი და ასევე მამა კახაბერ გოგოტიშვილი“- აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ.
მისი თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე საუბარს პატრიარქის დაცვის წევრები იწერდნენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით.
შეგახსენებთ, პატრიარქთან შეხვედრას დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები რამდენიმე დღეა რაც ითხოვენ. ისინი უწმინდესს ადვოკატების გარეშე შეხვდნენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა 23 ივნისსაა ჩაანიშნული.