“თუ კახი კალაძე დასახელდა თბილისის მერობის კანდიდატად, რაშიც დარწმუნებული არ ვარ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 90% ალბათობით ვთქვათ, რომ ის არის საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი”- ამის შესახებ პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ გაზეთ “ახალ თობასთან” განაცხადა.
მისი თქმით, კალაძე არის ერთადერთი მმართველ გუნდში, რომელიც აკეთებს ღია, საჯარო განცხადებებს, რომლებიც დისტანცირებულია ხელისუფლებისგან. კუკავა
“მეორეც, ყველა ხვდებით, რომ თბილისის მერი ამ კონსტიტუციურ მოწყობაში, რომელიც “ოცნებამ” თვითონ გააკეთა, ერთადერთი პოლიტიკური თანამდებობაა მთელ ქვეყანაში. პრეზიდენტს ფუნქციები აღარ ექნება, პრემიერ-მინისტრი არჩევითი არ არის და მარიონეტია, რომელსაც როცა უნდათ, ხსნიან და როცა უნდათ, ნიშნავენ. ქვეყანაში ყველაზე ლეგიტიმური თანამდებობა არის თბილისის მერი, რომელსაც ჰყავს თბილისში ათასობით დასაქმებული შტატი, რომელსაც აქვს 800-მილიონიანი ბიუჯეტი და უზარმაზარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია”- განაცხადა კუკავამ.
მისი თქმით, ჯერჯერობით კალაძეს არ ჰყავს მის გარშემო შემოკრებილი გუნდი, თუმცა ეს მოგვარებადი პრობლემაა.
“2018-2019 წლებში ის დატოვებს მმართველ პარტიას და მის ირგვლივ შეიქმნება ახალი პოლიტიკური გუნდი მათ შორის არსებული პოლიტიკური სპექტრისგან.
თუ ის დააყენეს თბილისის მერის კანდიდატად. დღეს, აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ამ საკითხზე მმართველ გუნდში. ამ ეტაპზე მისი კანდიდატად გამოცხადება გადაიდო. ყველამ იცის, რომ კალაძე იქნება, მაგრამ ამას არ აცხადებენ. თუ კალაძე იქნება მერობის კანდიდატი, ყველაზე მაღალი ალბათობით, ის იქნება შემდეგი ხელისუფალი”- აცხადებს კუკავა.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნებიდან” თბილისის მერის კანდიდატად კახა კალაძე განიხილება, თუმცა პარტიას ის ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენია.