ხმაურის შესახებ კანონი შესაძლოა ძალაში უკვე 15 აგვისტოდან შევიდეს. ხმაურის შეზღუდვასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვა დასკვნით ფაზაშია. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ამ კანონის ამოქმედების შედეგად ბიზნესი არ დაზარალდება, რადგანაც ისინი იძულებულები იქნებიან, რომ ერთჯერადად ხმის სპეციალური დამხშობები იყიდონ.
„დაზარალდება თუ არა ბიზნესის მიმართულება? რა თქმა უნდა, არა. მათ ერთჯერადი ხარჯების გაწევა მოუწევთ, რათა ხმაურის სპეციალური დამხშობი საშულებები შეიძინონ.” – აცხადებს უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. მისი განცხადებით, კაფე-ბარებში გადამეტებული ხმაურის გამო, სასტუმროები გაკოტრების პრობლემის წინაშე დგანან.
კანონპროექტში წერია, რომ ხმაურზე შეზღუდვა 15 აგვისტოდან დაწესდება. ამ დროიდან შეზღუდვის ამოქმედებაზე საუბრობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი ბერაიაც.
ცვლილებების თანახმად, ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე დაწესებულება, ორგანიზაცია თუ პირი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. თუ გაფრთხილება მიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირი 1 წლის განმავლობაში კანონს ისევ დაარღვევს, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება. კონკრეტულად კი ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1000 ლარით.
კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, დღისა და ღამის განმავლობაში დაწესებული ხმაურის დასაშვები ნორმები სხვადასხვა იქნება. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 24 საათის განმავლობაში დაარეგულირებს ხმაურის დასაშვებ ზღვარს.