საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსტიტუციური პროექტის პრეზიდენტის სასახლეში განხილვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“იმისათვის, რომ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე ამ პროცესში, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობდით მუდმივად და რომელზეც ახლა უკვე ვენეციის კომისია მიგვითითებს, საჭიროა გარკვეული რეალური ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ფართო ჩართულობას, პროცესის მაღალ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მივესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და ბიზნეს ასოციაციები, რომელი პროცესიც ფართოდ იქნება გაშუქებული მედიის მიერ იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენ ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს. ეს მსჯელობა საჭიროა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ ფართო კონსენსუსის საშუალებით”,- განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს გაშუქების ფორმატთან, შეხვედრის დღის წესრიგთან და ა.შ. მას აქვს დავალება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომ აწარმოოს შესაბამისი კონსულტაციები. “შესაბამისად, ამ დეტალებზე უკვე მოგვიანებით მოგახსენებთ”,- განაცხადა აბაშიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს სთავაზობს, კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში, ერთად იმსჯელონ.
„ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე აქ არ არის საუბარი, დავსხდეთ ჟურნალისტების წინაშე,მედიაში, საზოგადოების წინაშე და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ.
პირობა შემიძლია, მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად არის სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას“,- განაცხადა გუშინ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.