გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ცოლი ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ საქართველოში გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს და ფაქტების სრული გაყალბება ხდება. მისი თქმით, გამოძიების ფალსიფიცირება ხდება. ის ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმეზე გუშინ მიღებულ რეზოლუციას აფასებს:
“ევროპარლამენტარების მიერ მიღებული რეზოლუციის ერთერთ პარაგრაფში ნათქვამია, რომ აფგან მუხთარლი საქართველოდან გაიტაცეს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა. ერთ-ერთი მოთხოვნა ქართული მხარის მიმართ არის ის, რომ გარანტირებული იყოს აზერბაიჯანელების უსაფრთხოება საქართველოს ტერიტორიაზე და არ მოხდეს მათი გადაცემა სამშობლოში.
რეზოლუცია ასევე საქართველოსგან მოითხოვს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებას. აქ ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებიბებიდან გამომდინარე, ევოპარლამენტარებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ქართული მხარე გატაცების ოპერაციაში მონაწილეობდა.
ამ ეტაპზე გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს. პოლიციას უნდა მოეპოვებინა სათვალთვალო კამერების ჩაწერები, თუმცა ამბობოენ, რომ გატაცების ამსახველი ვიდეო მასალა არ არსებობს. მათ აფგან მუხთარლისგან ჩვენება უნდა აიღონ. ქართველი სამართალდამცველები ამისთვის ბაქოში უნდა ჩავიდნენ, თუმცა, ჩემი აზრით, ისინი აზერბაიჯანელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს გამართავენ. ვფიქრობ, გამოძიების ფალსიფიცირება ამ ეტაპზე უკვე ხდება,” – აცხადებს ლეილა მუსტაფაევა