პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ე.წ. ოთხსვეტიანი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ბოლო წლებში საერთაშორისო საზოგადოება ყალიბდება საერთო მიდგომაზე, რომ მხოლოდ რეპრესიებით ნარკოდანაშაულს და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანს ვერ შევამცირებთ.
ზოიძის აზრით, საჭიროა ე.წ. ოთხსვეტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს პრევენციას, მკურნალობას, ზიანის შემცირებას და სამართალდამცავთა ქმედებებს. დეპუტატის განცხადებით, ამ ოთხი სვეტის ჰარმონიულ შეთავსებას იყენებს ყველა ის ქვეყანა, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების კუთხით. ეს მიდგომა ედო საფუძვლად მიდგომას, რომელსაც თანმიმდევრულად ეწეოდა ”ქართული ოცნება” მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და შემსუბუქდა მთელი რიგი ნორმები.
დეპუტატის ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდება. ზოიძის თქმით, ეს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა შეიმუშავა და მასში აისახება მიდგომა, რომ ნარკომომხმარებელი კრიმინალი არ არის, თუ არ არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და არ სჩადის სხვა დანაშაულს.
მთავრობამ პარლამენტს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი დიდი ოდენობა იცვლება, შესაბამისად, კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა იქნება 140 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, განსაკუთრებით დიდი ოდენობა – 1 000 გრამი, 250 გრამის ნაცვლად.
მარიხუანის შემთხვევაში, გამომშრალი დიდი ოდენობა იქნება 70 გრამი, 50 გრამის ნაცვლად, ნედლი დიდი ოდენობა – 140 გრამი, 100 გრამის ნაცვლად. კანაფის და მარიხუანის კანონით დადგენილი მცირე ოდენობები უცვლელი რჩება. არ იცვლება გამომშრალი და ნედლი მარიხუანის განსაკუთრებით დიდი ოდენობები.
ცვლილებები იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.