24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. წერილი ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ “რუსთავი 2” ავრცელებს.
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ თბილისს სთხოვენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე გამჭვრივალე გამოძიება ჩატარდეს და კითხვებს მკაფიო პასუხები გაეცეს. ორგანიზაციის “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი კურიერთან ინტერვიუში იმ რეზოლუციის პროექტზეც საუბრობს, რომელიც ხვალ განიხილავენ ევროპარლამენტში.
„ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პრემიერისგან. შესაძლოა ის ამ თემას სერიოზულად უდგება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ახლა კი, ვხედავთ რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებიდან. ასევე ვხედავთ რომ, არა მხოლოდ აფგან მუხთარლი, არამედ სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად საქართველოს ტერიტორიაზე.
არსებული ვითარება ერთგვარი შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს დაამტკიცოს რომ, ამ პრობლემას ღიად, გამჭირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცებები, დაპატიმრებები და მათი ულებების დარღვევა. მომზადებული რეზოლუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი რომ ევროპას აშფოთებს ეს საკითხი, ევროკავშირი საქართველოსაგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს,” – ბრიჯიტ დიუფორი.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.