https://www.youtube.com/watch?v=hA6E1zFdZ9g
ცნობილი მოქანდაკის ზურაბ წერეთლის თანაშემწე სერგი შაგულაშვილი სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორის გივი ჯიბლაძის გატაცებასთან წერეთლის კავშირს უარყოფს, – ამის შესახებ მან ტელევიზიებთან კომენტარში განაცხადა. მისი თქმით, გივი ჯიბლაძის ბრალდება აბსურდულია. ასევე, განმარტა, რომ აღნიშნულ თემაზე ვრცელი კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ და საქართველოშიც სამშენებლო ბიზნესი არ აქვთ.
რაც შეეხება თავად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორს, გივი ჯიბლაძეს, ის თავის გატაცებას ზურაბ წერეთლის კომპანია „მშენებელი სამის“ ინტერესებს უკავშირებს. როგორც ჯიბლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წერეთლის კომპანიამ „სვეტს“ ბაკურიანში მიწა გადასცა, სადაც შენობა უნდა აგებულიყო. მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ, „სვეტს“ „მშენებელი სამისთვის“ 150 ათასი დოლარი უნდა გადაეცა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ რადგანაც, ნებართვები არ იყო მიღებული, არც თანხა გადაუხდიათ. ჯიბლაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლების ინტერესებში იყო, ეს თანხა წინასწარ მიეღოთ.
მოგვიანებით, გატაცებულმა ბიზნესმენმა ტვ “პირველის” ეთერში საქმის დეტალებზე ისაუბრა, სადაც უარყო ინფორმაცია, რომ გამტაცებლები ზურაბ წერეთელს იცნობდნენ ან უკავშირდებოდნენ.
შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გუშინ ოთხი პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).