ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ლეიტენატ ჯიბუტის ინტერვიუთი”

შეიარაღებული ძალების ოფიცრის, უფროსი ლეიტენანტის, ზურაბ ჯიბუტის სკანდალურ განცხადებებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ეხმაურება. ჯიბუტიმ გუშინ “რუსთავი 2”- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული არმია ჩამოშლის პირას დგას.  ჩაჩიბაია მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯიბუტის განცხადებებით სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, რადგანაც ჰიბრიდული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოაჩინონ.

“ბატონი დიმიტრი როდესაც ლაპარაკობს მოტივაციაზე, ან შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართულობაზე, ეს არის მიუღებელი. შეურაცხყოფილები ვართ ყველა და რატომ, ამას ცალსახად მინდა გავუსვა ხაზი. დღეს, საქართველოში არის ჰიბრიდული ძალა, რომელიც ომობს კონკრეტულ შემთხვევაში და ცდილობს დაასუსტოს ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე მეტად არის ძლიერი, ყველაზე მეტად გამართული საქართველოში, ეს არის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები.

დღეს ჩვენ პრობლემა გვაქვს იმ მსუბუქი ძალასთან მიმართებაში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფედერაცია. სხვა, არც მეტი არც ნაკლები დღეს რაც ხდება ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია… ჩვენ ვისზე ვსაუბრობთ, ჯარის ერთი წარმომადგენელი, რომელმაც განცხადება დაწერა თავად და უარი თქვა შეიარაღებულ ძალებში. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ იმ ინტერვიუთი, რომელიც ჩამოერთვა ბატონ უფროს ლეიტენანტს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ…”- აცხადებს გენშტაბის უფროსი.

შეიარაღებული ძალების ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი, ზურაბ ჯიბუტი, საქართველოს ჯარში არსებული სიტუაციის შესახებ “პოსტკრიპტუმთან” საუბრობს და ამბობს, რომ ქართულ ჯარში მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, დღეს ქვეყნის ავიაცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც სავალალო მდგომარეობაშია.

ზურაბ ჯიბუტი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ასახელებს და ტექნიკის ნაკლებობასა და ბრიგადების გაუქმებაზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნებით სახელმწიფო საიდუმლოება ირღვევა, თუმცა, ადასტურებენ, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....