პროკურატურამ ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მუსიკოსები, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რეპერების მტკიცებით, მათ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდათ და სამართალდამცველებმა ისინი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ ბირჟა მაფიას მიერ გამოქვეყნებულ კლიპში პოლიციელი ფიგურირებდა.
ამის თაობაზე პროკურორებმა მუსიკოსები გლდანის მე-8 დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ დაკითხა და სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.
„გამოკითხვისას ბრალდებულები მიუთითებდნენ მათი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან მთელ რიგ შესაძლო კანონდარღვევებზე, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369″ მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,” – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.