გლდანის მე-8 დაწესებულებაში ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრის, ბრალდებულ გიორგი ქებურიას გამოკითხვა პროკურატურის წარმომადგენლებმა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.
როგორც გიორგი ქებურიას უფლებადამცველი, მერაბ ჩიქოვანი, აცხადებს, ბრალდებულმა პროკურორს ინფორმაცია მისი დაკავების მომენტში სამართალდამცველების მიერ უფლებების დარღვევის შესახებ მიაწოდა.
ადვოკატის თქმით, ქებურია ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, დაკავების მომენტში მისი უფლებები არ გააცნეს და არ განუმარტეს, თუ რატომ აკავებდნენ.
გიორგი ქებურიას მტკიცებით, დაკავების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს და მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ.
ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული აცხადებს, რომ სამმართველოში მას პოლიციელების მიერ დაწერილ აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით ისე მოაწერინეს, რომ დოკუმენტის შინაარსიც არ გააცნეს.
როგორც მერაბ ჩიქოვანი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურორისთვის იმ პოლიციელების სახელებისა და გვარების დასახელება არ შეუძლია, რომლებმაც ის დააკავეს და შემდგომ აღიარებით ჩვენებაზე იძულებით ხელი მოაწერინეს, თუმცა გიორგი ქებურიას ყველა მათგანის სახეზე ამოცნობა შეუძლია.
ამ წუთებში გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბირჟა მაფიის წევრის, მიხეილ მგალობლიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს, როგორც მისი ადვოკატი, კახა ცნობილაძე განმარტავს, ბრალდებული პროკურორს დაკავების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ ბირჟა მაფიას მუსიკოსები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციამ მათ მიერ გავრცელებული კლიპის გამო დააკავა, რომელშიც სამართალდამცველი ჩანს და მათ არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდათ.