აზერბაიჯანელი ყოფილი დეპუტატის და პოლიტოლოგის ელმან ნასიროვის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავება აზერბაიჯანულ-ქართული სპეცსამსახურების ერთობლივი შედეგია. დეპუტატი ჟურნალისტის დაკავებას ერთ-ერთ წარმატებულ ოპერაციად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის უკან სერიოზული ქსელი დგას, რომელიც აფგანის მსგავს ადამაიინებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს.
“სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ აფგან მუხთარლი არის ფიგურა, მსხვილი ქსელის განუყოფელი ნაწილი. უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალები საქართველოში აგროვებენ ისეთებს, როგორიც აფგან მუხთარლია. საუბარია დიდ ფინანსებზე, მსხვილ ორგანიზაციებზე.
საქმე მხოლოდ აფგანს რომ შეხებოდა, ასეთი დაკავების აუცილებლობა არ დადგებოდა. ეს ქსელი რა თქმა უნდა იცავს აფგან მუხთარლის, და მათ სურთ წინააღმდეგობა გაეწიათ იმისთვის, რომ მუხთარლი აზერბაიჯანში ჩამოეყვანათ. ამ კუთხით ეს ერთობლივი ნაბიჯი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის იყო სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.
აზერბაიჯანულმა სტრუქტურებმა აჩვენეს პროფესიონალიზმი. თავი აარიდეს წინააღმდეგობას და დამნაშავე ადამიანი აზერბაიჯანში ჩამოიყვანეს. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიება”, – აცხადებს მილი მეჯლისის დეპუტატი.
საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში თანამონაწილეობა ქართულ მხარეს არ მიუღია.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ჟურნალისტი აცხადებს, რომ თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, რომლებიც სპეცსამსახურების წარმომადგენლები იყვნენ, შემდეგ კი აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წყარო: რადიო თავისუფლება და მასალა მომაზადა “ნეტგაზეთმა”.