მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად ელისო კილაძე ინიშნება და ის რამდენიმე დღის წინ არხის ერთ-ერთ მფლობელს ყარამანიშვილს შეხვდა.
თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას თავად კილაძე არ ადასტურებს. კილაძე ამბობს, რომ მის სამომავლო გეგმებში „რუსთავი 2“-ი არ შედის და ის პოლიტიკაში წასვალს აპირებს.
“ჯერ ერთი, რომ ნიკა გვარამიას ოფიციალური განცხადება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ჩემთვის პირადად ეს არის დაუდასტურებელი ჭორები. რაც შეეხება მოლაპარაკებას, ეს ინფორმაცია არ შესაბამება სიმართლეს. მე ვიცნობ და ვმეგობრობ გია ყარამანიშვილთან. მას პერიოდულად ვხვდები, თბილისშიც და არ დავმალავ და კიევშიც.
მათ შორის 2 დღის წინაც შევხვდი, ხშირად ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, მედიაზე და “რუსთავი 2”-ზეც. ეტყობა ამ შეხვედრებს მოჰყვა ეს ჭორები. პირდაპირ გეტყვით, ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება პოლიტიკას და არა “რუსთავი 2”-ს.
ველოდები ნიკას განმარტებას, ბევრი ვერსია ვიცი, მაგრამ მაინტერესებს ნიკა გვარამიას ვერსია, მიდის თუ არა თანამდებობიდან და სად მიდის. ჯერჯერობით ჩემთვის ყველაფერი დაუდასტურებელია.
კილაძის თქმით, ყველა ჭორი, რომელიც ვრცელდება, თითქოს ძმები ყარამანაშვილები ან ნიკა გვარამია გაურიგდა ბიძინა ივანიშვილს და ამის გამო ხდება რაღაც მოვლენები არხზე, ეს არის სრული სისულელე და სპეცსამსახურების მიერ გავრცელებული ჭორები.
„გია ყარამანიშვილი თბილისში 2 დღის წინ ჩამოვიდა, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ეს არ იყო კონსპირაციული შეხვედრა, აბაშიძეზე ვისხედით ერთ-ერთ კაფეში.
ნიკა გვარამიას მიერ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის თანამდებობის დატოვების თაობაზე საუბარი არ ყოფილა, იყო საუბარი ფინანსურ პრობლემებზე, იყო საუბარი, რომ გარკვეული ტიპის შემცირებები მიდის, რაღაც აზრები გავცვალეთ, მაგრამ საჯაროდ გეუბნებით, რომ გია ყარამანიშვილს არ ჰქონია ის პოზიცია, რომ ნიკა გვარამიამ გენერალური დირექტორის პოსტი უნდა დატოვოს. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“,-ამბობს კილაძე.
წყარო: „აიპრესი“