დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ხმის მიცემის პროცესი გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით კი ლონდონში, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ორი ტერაქტი მოხდა.
დიდ ბრიტანეთში 40 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი. ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ჯამში 46.9 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
დღევანდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს როგორც მომავალი მთავრობის შემადგენლობას, ასევე იმას, თუ ვინ გამართავს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის პირობებზე. მოლაპარაკებები, სავარაუდოდ 19 ივნისს დაიწყება.
ბრიტანეთის პარლამენტში ადგილებისთვის რამდენიმე წამყვანი პარტია იბრძვის. ესენია ტერეზა მეის მმართველი კონსერვატიული პარტია, ჯერემი კორბინის ლეიბორისტები და ტიმ ფარონის ლიბერალ დემოკრატები. კიდევ ერთი პროევროპული პარტია ნიკოლა სტარჯონის შოტლანდიის ნაციონალური პარტიაა.
ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებში კონსერვატორები ლიდერობენ.