„ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს გაზეთ “მეტრონომის” მთავარი რედაქტორის, გენო ჯოხიძის მიმართ მუქარის ფაქტი“, – წერს ფედერაციის გენერალური მდივანი რიკარდო გუტიერესი (Ricardo Gutierrez ) ფეისბუკში, საკუთარ გვერდზე.
გენო ჯოხიძე ინტერნეტ-გაზეთ “მეტრონომის” მთავარ რედაქტორია, ამავე დროს “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის” წევრი, ვიცე-პრეზიდენტი და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ასოციაციამ 5 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ ჯოხიძეს „დაუკავშირდა საკმაოდ ცნობილი, პოლიტიკური ფიგურა მმართველი გუნდიდან, რომელმაც გააფრთხილა ის, რომ გამოქვეყნებული სტატიის გამო ფრთხილად იყოს.“
საუბარია ბლოგზე, სადაც ავტორი სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებს, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან შევიწროებული ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან გატაცების და ბაქოში გადაყვანის გამო.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ” ევროპელ კოლეგებს წერილით მიმართა და ქართველი რედაქტორის მიმართ საფრთხის შესაძლებლობის გამო რეაგირება სთხოვა.