“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ” წერილი “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში” უკვე გადააგზავნა და შესაბამისი რეაგირება თხოვა
ინტერნეტ-გაზეთ “მეტრონომის” მთავარ რედაქტორს, გენო ჯოხიძეს დღეს ფეიბუქ-ჩატში (საუბარი დასქრინშოტებულია) დაუკავშირდა საკმაოდ ცნობილი, პოლიტიკური ფიგურა მმართველი გუნდიდან, რომელმაც გააფრთხილა ის, რომ გამოქვეყნებული სტატიის გამო ფრთხილად იყოს.
საუბარია “მეტრონომზე” გამოქვეყნებულ რედაქტორის ბლოგზე, რომელშიც ჯოხიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, სუს-ის შეფს, ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებს.
“ვაფასებ შენს პრინციპულ პოზიციას, მაგრამ ფრთხილად იყავი” – წერს წყარო მთავარ რედაქტორს.
კითხვაზე, იმდენად სერიოზულადაა საქმე, რომ აუცილებელია გახმაურდეს აღნიშნული გაფრთხილება, წყარო პასუხობს – კი.
ჩვენ დავუკავშირდით “საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელ ასოციაციას”, რომელიც არის “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა” და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” წარმომადგენელი საქართველოში. ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ფოჩხუამ, უკვე გააგზავნა წერილი ბელგიაში, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებს სწრაფ რეაგირებას თხოვს.
პარალელურად, გაზეთის რედაქტორმა წერილი მისწერა შს სამინისტროს პრესცენტრის უფროსს და ის საქმის კურსში ჩააყენა.
“ჟურნალისტობამდე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და როცა ჩავთვლი, ჩემი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის ვინმე, ან რომელიმე ჩინოსანი ვერ ართმევს თავს თავის საქმეს, ყოველთვის მექნება ადეკვატური რეაქცია. მითუმეტეს, რომ ხელფასს მას მე და ჩემნაირები ვუხდით. დავწერე საკმაოდ მწვავე ბლოგი და მეორე დღეს სტატია, სადაც ჩვენი წყარო იმ სქემის შესახებ გვეუბნება, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით.
ეს ადამიანი, რომელმაც გამაფრთხილა, ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ამიტომ მის სახელს და გვარს არასოდეს დავასახელებ. თუმცა, ჩვენი საუბარი დასქრინშოთებულია ყოველი შემთხვევისთვის. იმედი მაქვს ამ მესიჯის მერე, თუკი ვინმეს ჩემ მიმართ რაიმე გადაწყვეტილების აღსრულება აქვს ჩაფიქრებული, გადაიფიქრებს და მიხვდება, რომ საბოლოოდ არაფერი გამოუვა…” – აცხადებს გაზეთ “მეტრონომის” მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე.