„აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აშანტაჟებს იმით, რომ ეუბნება, არ დაგავიწყდეთ, საქართველოში ცხოვრობს 200 000 აზერბაიჯანელი“
ადგას თუ არა საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას და სურს თუ არა მას გააჩნდეს ევროპული ღირებულებები? ეს კითხვა უკვე ორი დღეა რაც საზოგადოების და ადამიანის უფლებების დამცველების მხრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ ისმება. რა მოხდა 29 მაისს თბილისში და როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი და საქართველოს შეფარებული მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში ისე, რომ მისმა ახლობლებმაც კი არაფერი იცოდნენ? გაწირა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტი საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სანაცვლოდ? მართლაც განიცდის თუ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ზეწოლას ოფიციალური ბაქოს მხრიდან და რა რეაქცია მოჰყვება ამ ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებისგან? „მეტრონომმა“ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უფლებადამცველებს და პოლიტიკოსებს მიმართა.
ჟურნალისტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა ისე, რომ მისი პასპორტი თბილისში დარჩა. როგორ მოახერხა უპასპორტოდ ჟურნალისტმა საზღვრის გადაკვეთა? საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შეფი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი საჭირო არ არის.
ჟურნალისტის ადვოკატის ელჩინ სადიყოვის ინფორმაციით, მას ჟურნალისტმა განუცხადა, რომ მუხთარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს.
მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდა. მისი თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება მას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.
როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და მისი მეუღლე ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს-ინტერესებისა და კორუფციული სქემების შესახებ, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.
საქართველოდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე ჟურნალისტი, ლეილა მუსტაფაევი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანს მუხთარლის გადაცემაში საქართველო დაეხმარა, არ დაიცვა ქვეყნიდან გამოქცეული რეპრესირებული ჟურნალისტი და გაწირა.
“მუხთარლის თან არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდა. ის გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან, ვფიქრობ, ეს გააკეთეს ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით. ის გაიტაცეს, სცემეს, აწამეს. მანქანა შეცვალეს 3-ჯერ, როდესაც აზერბაიჯანში მიჰყავდათ. ასე, უბრალოდ, მიაწოდეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. თუ ქართული სახელმწიფო არ მისცემდა ამის საშუალებას მათ, საქართველოს ტერიტორიაზე ამას ვერავინ იზამდა.
ქართულ სახელმწიფოს ეს არ უნდა გაეკეთებინა, ჩვენ გამოქცეული ვიყავით აზერბაიჯანიდან შევიწროებისა და დევნის გამო. საქართველოს უნდა დაეცვა ის, მაგრამ ასე არ მოიქცა. მათ გაწირეს ჟურნალისტის, აზერბაიჯანის სიტყვის თავისუფლება.
აზერბაიჯანში გამომძიებელი ჟურნალისტი ძალიან ცოტაა. ოფიციალურმა პირებმა მუხთარლი, უბრალოდ, გადასცეს აზერბაიჯანელებს, გაწირეს. მოვითხოვ სამართლიან გამოძიებას, ჩვენ ქუჩის კამერით გადაღებული მასალა არ გვინახავს, ის არც კი აჩვენეს ჩვენს ადვოკატს”, – ამბობს მუსტაფაევა.
გატაცებული ჟურნალისტის მეგობარი ვიდაძი ისგენდეროვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აშანტაჟებს.
საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერ აქციაზე მყოფმა მუხთარლის მეგობარმა, უფლებადამცველმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ვიდაძი ისგენდეროვმა განაცხადა, რომ ის ერთადერთი აზერბაიჯანელია, რომელმაც პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში მიიღო. როგორც ის ამბობს, თუმცა, საქართველოს ხელისუფლება მას ეუბნება, რომ საქართველო დატოვოს. მისი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობას აშანტაჟებს:
„მე ვარ ერთადერთი აზერბაიჯანელი, რომელმაც მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში. ჩემ გარდა, საქართველოს ისტორიაში არც ერთ აზერბაიჯანელს არ მიუღია პოლიტიკური თავშესაფარი. მე ახლა დამიბარეს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა – მაქვს ვიდეოჩანაწერებიც, რომელიც შემიძლია გაჩვენოთ. ისინი მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე საქართველოდან… აზერბაიჯანის მთავრობა აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას და ეუბნება, რომ მე ვარ ყოფილი რევოლუციონერი, რომელიც აღმოვჩნდი საქართველოში და თითქოს ჩვენ აქ ორგანიზებას ვუწევთ ნარინჯისფერ რევოლუციას.
არადა, თქვენც ხედავთ, რომ ჩვენ აქ ნორმალურად ვცხოვრობთ და საქართველო არ დაუშვებს, ჩვენ აქ არაკანონიერი ქმედებები ჩავიდინოთ. ეს უბრალოდ ცილისწამებაა. აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს აშანტაჟებს იმით, რომ ეუბნება, – არ დაგავიწყდეთ, საქართველოში ცხოვრობს 200 000 აზერბაიჯანელი.
სამჯერ მოხდა ჩემზე თავდასხმა და საქართველოს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამ მთავრობამ გვითხრა, რომ აქედან უნდა გავემგზავროთ. ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებ, ფაქტობრივად, შინაპატიმრობა გვაქვს… მე დღეს ვეტყვი საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცენ იარაღი, სხვანაირად ვერ ვიცავთ თავს. მე მოვითხოვ იარაღს, რომ თავი დავიცვა.
მე მოვედი საქართველოში 2016 წლის 20 ივნისს. ერთ თვეში გამოვიდა შვეიცარიაში ჩემი სტატია სათაურით – “აზერბაიჯანს მართავს მაფია”. ზუსტად ორ დღეში უნდოდათ ჩემი ქალიშვილის გატაცება, სამ დღეში კი ჩემზე მოეწყო თავდასხმა, უნდოდათ ჩემი მოკვლა. შემდეგ იყო თავდასხმა ჩემს ცოლზე“ – განუცხადა ჟურნალისტებს მუხთარლის მეგობარმა ვიდაძი ისგენდეროვმა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლი „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა, –
ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის მეტ დეტალებს ელოდებიან.
„აფგან მუხტარლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დაუკავებიათ და ის ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე აიყვანეს, რომელსაც პასპორტით არ კვეთენ“, – განაცხადა გომელაურმა.
„რესპუბლიკური“ პარტიის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი როგორც არ უნდა იმართლოს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ჯერ გაუჩინარება და შემდგომ მისი აზერბაიჯანში აღმოჩენა, ქვეყნის სირცხვილი და საერთაშორისო ასპარეზზე იმიჯის შელახვაა.
მისი თქმით, იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტმა საზღვარი პასპორტის გარეშე გადალახა, გამოდის აზერბაიჯანული და ქართული სპეცსამსახურები ერთობლივად მუშაობდნენ. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ჟურნალისტი ლაჩრულად გაიტაცა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანა ევროპულ გზას მოჩვენებით ადგას, სინამდვილეში კი ამ ფაქტით ყველა საერთაშორისო კონვეცია დაარღვია.
ბერძენიშვილის განცხადებით, სახელმწიფო სერიოზული საფრთხის წინაშეა, რადგანაც მან ყველა საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ადამიანის უფლებები უგულებელყო. მითუმეტეს, აზერბაიჯანულ მხარეს მუხთარლის გადაცემის მოთხოვნით ჩვენი ქვეყნისთვის ოფიციალურადაც კი არ მიუმართავს.
„საქართველოს სახელმწიფო მეთურებმა სასწრაფოდ უნდა განმარტონ როგორ დაუშვეს, რომ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებს ქვეყანა დააცინინეს. საქართველო ახლა სოკართველო გამოდის, რადგანაც ენერგეტიკული ინტერესებიდან გამომდინარე ყველას და ყველაფერს გადაუარეს. მითუმეტეს ეს პირველი შემთხვევა არ არის და თურქეთის მოთხოვნით, ასევე დემირელის კოლეჯის დირექტორი ემრე ჩაბუქია დაკავებული.
ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გვიმტკიცებდა, რომ რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით ცხოვრობს, საკუთარი ქვეყნის კანონებიც კი არ აქვს წაკითხული. არ ვიცი პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში იყო თუ არა მაგრამ, ფაქტია, რომ ეს მაღალი თანამდებობის პრების გარეშე არ გადაწყდებოდა.
ასეთი საკითხები ბიძინა ივანიშვილის დონეზე წყდება. რა თქმა უნდა, ამას როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ასევე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გომელაურის გადადგომა უნდა მოჰყვეს. პირიქით ვხედავთ, რომ ედღესასწაულებათ. გუშინ და გუშინწინ ევროპას დასავლურ ღირებულებებზე ეფიცებოდნენ. ასე თავად აზერბაიჯანიც კი აღარ იქცევა. რეგიონში საქართველომ უპასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენა და ქვეყანამ სახე დაკარგა.
ჩვენს სახელმწიფოს აღარავინ ენდობა, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაც არის. ყველას ერთნაირად გადაგვიარეს. ჩვენს სამეზობლოდ ყალიბდება ძალიან მკაცრი ავტორიტარული სახელმწიფოები, როგორც აზერბაიჯანის ასევე თურქეთის სახით და საქართველოს ხელისუფლება ამას ხელს უწყობს, რადგანაც მშიშარა და მხდალია“, – ამბობს ბერძენიშვილი „მეტრონომთან“.
პოლიტოლოგი გია ნოდია „მეტრონომთან“ საუბარში აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება ქვეყნისთვის საკმაოდ ნეგატიური მოვლენაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია მიიღო და რამდენიმე დღის წინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში ჩატარდა.
ნოდიას განცხადებით, აზერბაიჯანიდან საქართველოში ბევრი სამოქალაქო აქტივისტმა შეაფარა თავი, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილობაში იმყოფება. შესაბამისად პოლიტოლოგის თქმით, ამ ადამიანებს სჯეროდათ, რომ საქართველო უსაფრთხო და ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანაა, რომელიც მათ უსაფრთხოებას დაიცავს.
თუმცა, ნოდიას ინფორმაციით, ეს ადამიანები ბოლო დროს, საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან. პოლიტოლოგის ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცავები მათ პირდაპირ მოუწოდებენ, რომ ქვეყანა დატოვონ.
„თუ საქართველოს დემოკრატიული ქვეყნის პრეტენზია აქვს და ევროპული ღირებულებებით ხელმღვანელობს, რა თქმა უნდა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან რა სახის ზეწოლაც არ უნდა ყოფილიყო ეს სამარცხვინო ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ.
გასაგებია, რომ ეს ქვეყანა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ როგორც საქართველოს სჭირდება მასთან კარგი ურთიერთობა ასევე აზერბაიჯანს სჭირდება ჩვენთან ურთიერთობა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლება არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდეს. მისი გატაცების ორი სავარაუდო ვერსია არსებობს, ერთი რომ საქართველოს უშიშროება ამ საქმეში ჩართული იყოს და არ სურს გაამხილოს, ან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცა.
ორივე შემთხვევა მიუღებელია, რადგანაც გამოდის, რომ საქართველოში მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები შემოდიან ხალხს იტაცებენ და შენ მათ საზღვარზე უპრობლემოდ ატარებ-ვაი ჩვენი ბრალი მაშინ.
ხომ წარმოგიდგენიათ, რუსეთის სპეცსამსახურები რას იზამენ?! თუმცა მაინც არ მჯერა, რომ ეს ჩვენი უშიშროების გარეშე მოხდა. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება არაადეკვატურად გამოიყურება. ეს იმ რანგის ჩავარდნაა, რომ ვფიქრობ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშიშროების სამსახურის უფროსი უნდა გადადგეს“,-ამბობს ნოდია „მეტრონომთან“
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ პრეზიდენტი ზვიად ფოჩხუა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ სანამ გაირკვევა თუ როგორ მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში იმიჯი საკმაოდ შეელახა.
მისი თქმით, ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ხელისუფლების მიმართ გარკვეული კითხვები არსებობს, ეს ფაქტი კი სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ასოციაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის საზოგადოებასთან საქართველოს ურთიერთობა გაუფუჭდება. მისი აზრით, ამ ქვეყნის საზოგადოება ერთგვაროვანი არ არის და ალიევის ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება.
ფოჩხუას ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს და ხშირია ჟურნალისტების დაკავება. რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციებს სერიოზული რეაქცია აქვს და საქართველოს მიმართაც საკმაოდ მწვავე კითხვები ექნება.
„საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეიქმნება წარმოდგენა, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა პოლიტიკური თვალსაზრისით, სადაც ადამიანმა შეიძლება მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი და აქ უსაფრთხოდ იცხოვროს. ხვალ შეიძლება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს სამაჩაბლოდან გამოქცეული ადამიანის გადაცემა მოგვთხოვოს და უნდა გადავცეთ? ეს ზუსტად იმ სცენარს ჰგავს, როდესაც შევარდნაძის დროს, საქართვეოდან ჩეჩენი ჟურნალისტები მოულოდნელად იკარგებოდნენ და შემდეგ მას რუსეთის ციხეებში პოულობდნენ. ზუსტად იგივე სცენარია გათამაშებული.
თუ დადასტურდა, რომ აზაერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ, მაშინ ამის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ საქართველო აზერბაიჯანის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ეს ასეც არის, რადგანაც ენერგოპოლიტიკის თვალსაზრისით, მთლიანად ამ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული.
შესაბამისად, ამ სახით მას საქართველოს ხელისუფლება ანგარიშს უწევს. წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ჟურნალისტი გაწირეს. თუმცა, რამდენად უღირს საქართველოს ეს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სკანდალის ფასად?! ვფიქრობ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო მას გათვლილი არ ჰქონდა, რომ ჟურნალისტის გატაცებას ამხელა ხმაური მოჰყვებოდა. თუ ქართული საზოგადოება ამას გაატარებს, დამიჯერეთ, რომ ჩვენი ხელისუფლებისგან უფრო მეტს უნდა ველოდოთ“, – ამბობს ფოჩხუა „მეტრონომთან“.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“, რომელიც „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ წარმომადგენელია საქართველოში, უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და მოუწოდებს ხელისუფლებას სწრაფად მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ უხეშად ირღვევა ჟურნალისტის უფლებები, ასევე დიდი ზიანი ადგება ქვეყნის იმიჯს. განცხადების ასლი გადაიგზავნა „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი