მანჩესტერის თვითმკვლელი ტერორისტის ძმა, როგორც აღმოჩნდა, ლიბიის დედაქალაქში გეგმავდა ტერორისტულ აქტს. ამის შესახებ დასავლური მედია ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
ადრე ხაშიმ აბედი ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან“ საეჭვო კავშირის გამო. ხელისუფლების ცნობით, ის დიდი ბრიტანეთიდან ლიბიაში 16 აპრილს ჩავიდა. ხაშიმ აბედთან ერთად დაკავებულია მისი მამაც.
ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულთა შორის ქალიც არის, რომელიც მანჩესტერის ერთ-ერთ უბანში ჩატარებული რეიდის შედეგად დააკავეს.
ბრიტანელმა მუსულმანებმა თავის მხრივ თანაგრძნობა გამოუცხადეს ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებს და ტერორიზმის წინააღმდეგ რამდენიმე საათიანი აქცია მოაწყვეს, რომელსაც მოგვიანებით სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლებიც შეუერთდნენ.
როგორც ირკვევა, მანჩესტერის ტერაქტის მსხვერპლთა შორის იყვნენ ბავშვები და მათი მშობლები, რომლებიც შვილებს საკონცერტო დარბაზთან ელოდნენ. დღეს 22 გარდაცვლილის ვინაობა დასახელდა. მათი უმეტესობა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. ორი აღმოჩნდა ოჯახური წყვილი პოლონეთიდან. დაღუპულთაგან 12 ბავშვია. მათგან ყველაზე უმცროსი 8 წლის სოფი როუზ რუსოსია. მისი დედა და და დაჭრილები არიან და ახლაც საავადმყოფოში იმყოფებიან.
რაც შეეხება ტრაგედიის გამო რამდენიმე ხნით შეწყვეტილ პოლიტიკურ ცხოვრებას, როგორც ტერეზა მეის პარტიის პრესსამსახური იტყობინება, შეჩერებული საარჩევნო კამპანია “უახლოეს პარასკევს“, ანუ 26 მაისს აღდგება.
ინგლისის ქალაქ მანჩესტერის არენაზე მომხდარ აფეთქებას სულ 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავებულია. თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.