ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის გამოწერილი ჯარიმების ოდენობამ 42 710 ლარი შეადგინა.
ერთი თვის მონაცემებით “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორების მიერ შედგენილია 411 საჯარიმო ოქმი, მათგან 378- ჯერ ჯარიმა 2 კილოგრამამდე ნაგვის დაყრისთვის დაიწერა. 151 შემთხვევაში კი ინსპექტორებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააჯარიმეს.
ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად:
• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 100 ლარით.
• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან – 500 ლარით.
• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
• ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 150 ლარით.
• ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) – 500 ლარით.
• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი -400 ლარით.
იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.
დაჯარიმების ახალი სისტემა თბილისში 3 აპრილიდან ამოქმედდა, თავდაპირველად ინსპექტრორები სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ, 20 აპრილიდან კი მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. ამ დროისთვის თბილისში ინსპექტორების 10 ეკიპაჟი მუშაობს.