ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გია ნოდია: თუ ინგა გრიგოლიას გადაცემების სტილი არ მოგწონს, ნუ მიხვალ

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
“ის, რომ ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ სკანდალზეა გათვლილი, ყოველთვის ვიცოდით. სკანდალურობის ერთ-ერთი ძირითადი გამოხატულება ისაა, რომ აქ ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება მოსულა. ამას ქვია, რომ გადაცემა „მწვავეა“, მაშასადამე, საინტერესო და რეიტინგული. ინგა ამ მხრივ ქართულ ტელესივრცეში გამონაკლისი სულაც არ არის, უბრალოდ, ამგვარი სტილი მისი ბრენდი გახდა. სულაც არ ვთვლი, რომ ის სხვაზე უარესი ჟურნალისტია, მათ შორის ეთიკის სტანდარტებით. მას აქვს პროფესიული გამბედაობა და რეალური სურვილი, იყოს დამოუკიდებელი. მე მისი სტილი არ მომწონს და მის გადაცემებს თითქმის არასოდეს ვუყურებ (ვაღიარებ, რომ ტელევიზორს საერთოდ იშვიათად ვუყურებ).
ბოლო ხანებში, ინგას არსებობა გამახსენება პროტესტებმა: მას თავის გადაცემაში ცუდი ადამიანები, კერძოდ, ჰომოფობები მიუყვანია და სექსუალური უმცირესობების დამცველი აქტივისტებისთვის შეურაცხყოფის მიყენების საშუალება მიუცია. მაგრამ რა მერე? რატომ არის რომელიმე ჯგუფის დამცველი აქტივისტის შეურაცხყოფა უფრო მიუღებელი, ვიდრე, ვთქვათ, პოლიტიკოსის? მითუმეტეს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს (მე ძალიან არ მომწონს), განწყობა, რასაც „ჰომოფობიას“ ვუწოდებთ, სავარაუდოდ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის განწყობაა. თუ ამ საკითხზე დისკუსია გვინდა, უმრავლესობას (თუნდაც ის „ბნელად“ მიგვაჩნდეს) ხმა არ უნდა ჰქონდეს? პოლიტკორექტულობის ვიწრო ჩარჩოებში ჩასმული დისკუსია თავის მოტყუება არ იქნება? თუ შეიძლება, ჰომოფობებს მათი გრძნობების გამოხატვა შეუზღუდო, ის იმავე არგუმენტს ლეგიტიმურად შემოგიბრუნებს: მე კიდევ ვთვლი, რომ “უზნეობის პროპაგანდა” უნდა შეიზღუდოს.
თუ პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება, ასეთივე ვალდებულება აქვს სამოქალაქო აქტივისტსაც. მე უამრავ ადამიანს ბოლო სიტყვებით ვუგინებივარ ჩემი მოსაზრებების გამო: რა ვქნა, სადმე ჩივილი დავიწყო, რომ დამიცვან? ასეთი რეაქციები სიტყვის თავისუფლების ფასია. თუ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელ იდეებს და ღირებულებებს იცავ, არასასიამოვნო სიტყვებისთვის მზად უნდა იყო. სახელმწიფო ვალდებულია, ფიზიკური ძალადობისგან დაგიცვას, დანარჩენი კეთილი ინებე და აიტანე. თუ ინგა გრიგოლიას გადაცემების სტილი არ მოგწონს, ნუ მიხვალ.”-წერს ნოდია.

იტვირთბა....