დასეტყვილი ვენახები კახეთში, დატბორილი სახლები იმერეთში და დამეწყრილი უბანი ბორჯომში, ადიდებული მდინარეები და დახოცილი ფრინველი – ქვეყნის რეგიონებში სტიქიას ებრძვიან, სახელმწიფო კი აცხადებს, რომ დაზიანებული მოსავლის ერთჯერადი სუბსიდირება არ მოხდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება. დღეს დილიდან შედარებით გამოიდარებს და ნალექი შეწყდება, თუმცა საღამოს საათებში უმეტეს რაიონში მაინც იწვიმებს.
დასავლეთ საქართველოში, უმეტეს რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან კვლავ იწვიმებს. წვიმა და არამდგრადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 23 და 24 მაისამდე გაგრძელდება.
ამასობაში კი, სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.
მისივე თქმით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა შიდა ქართლი. დავითაშვილის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 ათასი ჰექტარია დაზიანებული.