ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში 10 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრა “ძალიან, ძალიან წარმატებული იყო”.
Politico-ს ცნობით, ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგა, რეჯებ ტაიპ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მანამდე, გამოცემები The New York Times-ი და The Washington Post-ი მოქმედ და ყოფილ აშშ-ის მთავრობის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვს შეხვედრისას ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს (IG) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში საკუთარი საიდუმლო გეგმები გაუზიარა.
თავად დონალდ ტრამპმა ბრალდებების საპასუხოდ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას როგორც პრეზიდენტს, სრული უფლებამოსილება ჰქონდა რუსეთისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.
„როგორც პრეზიდენტს მე მსურდა თეთრ სახლში გამართულ ღია შეხვედრაზე ტერორიზმთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფაქტები გამეზიარებინა რუსეთისთვის. ამას ჰუმანიტარული მიზეზები ჰქონდა, პლუს ის, რომ მე მსურს, რუსეთმა გააქტიუროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.