ბლოგები საზოგადოება

ადამიანები, „ადამიანები“ და… ცნობიერება

ერთი რამ ვიცით ზუსტად, ან (მონდომების შემთხვევაში) შეგვიძლია ვიცოდეთ, კერძოდ: ადამიანის გული, მისი სინდისი ღვთაებრივია… ბოროტების უარყოფაში და სიკეთის მიღება აღიარებაში ადამიანი თავად ხდება და არის განსხეულებული ღვთაება. 

/ჯონ რესკინი/

 

ცნობიერი და გონიერი არსება… გონიერების არსი და ცნობიერების გონება.
ადამიანებს ჰგონიათ, რომ განაგებენ გარემოს და გარემოს გარემოსაც… ჰგონიათ, რომ მბრძანებლები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მათ გარშემო სხვის ხელში არ არსებობს ის ხილული ინსტრუმენტი, რომელიც მათ უძლურებას… უფრო სწორად ცრუ ძალაუფლებას ხილულს გახდიდა.
ცნობიერების გამოხატულება, როგორც ასეთის, არსებობს ხეში, ქვაში, წყალში, ღრუბელში, მიწაში და ყველაფერ იმაში, რაც გარს გონიერ არსებას, ადამიანს არტყია… თუმცაღა ადამიანი ჯერ ვერ მისულა იქამდე, სადაც ამის ცოდნა საყოველთაო ცოდნის, აქსიომის ფორმის ხასიათს და ფორმას მიიღებს. ადამიანს ჰგონია, რომ გონიერება მხოლოდ გათვითცნობიერებულ ცნობიერებაში მდგომარეობს და ვერ და არ აღიარებს იმას, რომ ცნობიერება გონიერების გამოკლებით არის ის, რასაც ყველა ენაზე სიყვარული ეწოდება, სამყარო ეწოდება, ჭეშმარიტება ეწოდება.
გათვითცნობიერებული გონება სუბიექტურია და შედეგად დამნაშავეა… ცნობიერება კი, მისი საწყისი გამოხატულებებით, წმინდაა, როგორც სუფთა ჰაერი, რომელიც თავადვეა პირველადი ცნობიერების მატარებელი.
„მაღალგანვითარებულ“ არსებებს, ადამიანებს, არ გვახსოვს ის, რომ სიყვარული მართავს… და მიუხედავად იმისა, რომ ეს საზეპირო დონეზე თითქოს ვიცით, ეს ცოდნა ცოდნად არ რჩება… ეს ერთეულ დიდ მავანთა გამონათქვამებად რჩება და ჩვენი უმრავლესობისთვის ისეთივე ცარიელ ხმად, ან ხმაურად რჩება, როგორც თუნუქზე შემორტყმული ჩაქუჩის ხმა… თუმცა ფორმალობა დაცულია.
ადამიანმა არ იცის, დაავიწყდა, რომ გარშემო ყველაფერი ცოცხალია, ცნობიერებით სავსეა და სუნთქავს… ადამიანმა არ იცის, რომ ის არ არის ძალაუფალი… ილუზია იმისა, რომ ადამიანს თავი შემოქმედების გვირგვინად მიაჩნია, მას თვითგანადგურებისკენ მიიყვანს. ამისთვის მთელი ცნობიერი სამყარო იზრუნებს… ამისთვის იზრუნებს ხე, ქვა, პატარა გორაკი და ცნობიერების უზარმაზარი ოკეანე… ადამიანებს ის დაგვსჯის, რასაც ზეპირად და ენის წვერიდან ვქადაგებთ… დაგვსჯის სიყვარული, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს სასჯელად მხოლოდ ჩვენი მხრიდან ჩაითვლება. ცნობიერების მხრიდან კი ეს ერთმნიშვნელოვნად ჩვენ ტანჯვას მოუღებს ბოლოს და ამ თუ სხვა ფორმით ახალ შესაძლებლობას მოგვცემს… აქ, ან სადღაც მილიონი სინათლის წელით მოშორებულ ადგილას.
ჩვენი თვითშენარჩუნების ერთადერთი(!) შანსი ურთიერთსიყვარულშია!.. ჩვენი გონების ცნობიერებაში ჩაძირვაშია… ჩვენი ცნობიერების მიერ გონების დაძლევაშია.

გიყვარდეთ მამლის ყივილი დილით, თუ გესმით ასეთი… გიყვარდეთ ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი მოხუცები, თუ ხედავთ ასეთებს… გიყვარდეთ ხის ის შრიალი, რომელიც უფრო მეტად მრავლისმეტყველია, ვიდრე ტელევიზორის ეკრანებზე მობუტბუტე „გონიერი“არსებები… გიყვარდეთ ზამთრის პირველი თოვლი და ზაფხულის პაპანაქება სიცხე… გიყვარდეთ ის, რომ უნდა გიყვარდეთ.

იტვირთბა....