ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს, 10:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის გამო, მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა საპატრულო პოლიციას გადაკეტილი აქვს. დაკეტილია ინგოროყვას ქუჩა ორივე მხრიდან, ასევე მეტროსადგურ ”თავისუფლების მოედნიდან” მისასვლელი გზა.
“მეტრონომის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ აქციის მიმდებარედ პოლიცია არვის უშვებს, რადგანაც პარალელურად, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები და მრევლი იკრიბება, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან არიან მისულები და ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გასაუბრება სურთ.
“მეტრონომის” კორესპოდენტის ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია მობილიზებულია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის. მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია ფილარმონიიდან რუსთაველის მიმართულებით. ლგბტ ორგანიზაციების მიერ გამართული აქცია დამთავრდა და პოლიცია ცდილობს, რომ აქციის მონაწილეები ტერიტორიიდან უასფრთხოდ გაიყვანოს, რათა იქ მისულ მრევლთან რაიმე სახის დაპირისპირება არ მოხდეს.