ერთ-ერთი მშობელი ფეისბუქზე წერს პოსტს, რომელმაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა სოციალურ ქსელში. როგორს ის წერს, მან თავისი გოგონა ბაღში მიიყვანა და აღმოჩნდა, რომ პატარამ იქიდან გაქცევა მოახერხა, შუა ქალაქში გავიდა და ტრასაზე, მანქანებით გადატვირთულ ადგილზე გადასვლა მოახერხა. მშობელი უყურადღებო აღმზრდელებს ადანაშაულებს.
“მხოლოდ ახლა შევძელი fb -ზე შემოსვლა. ემოციურად განადგურებული და დაღლილი ვარ. მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალი მიბიძგებს დავწერო ყოველივე.
დაახლოებით 2 კვირის წინ მივიყვანე ჩემი 3 წლის ნინუნა კერძო “კარგ” ბაღში, სახლთან ძალიან ახლოს. შევთანხმდით, რომ ეს ერთი თვე ნახევარი დღით, სადილამდე ივლიდა, იმ გათვლით, რომ შეეჩვეოდა გარემოს, ბავშვებს და სექტემბრიდან სრული დატვირთვით მივიყვანდით. დღეს დილითაც მივიყვანეთ ჩვეული კუნტრუშით, პეპას ზურგჩანთა მოკიდებული ჩემი კნოპკა გოგო. ნინუნა ტიროდა თურმე (ისე როგორც ყველა ტირის თავიდან).
დაახლოებით 2 სთ-ზე ბავშვმა ბაღი თვითნებურად დატოვა, გამოვიდა ყაზბეგის გამზირზე , გადაჭრა ქუჩა და Dunkin Donuts-თან აღმოჩნდა. ატირებული და დაბნეული ბავშვი ორმა ღვთისნიერმა ქალბატონმა შეამჩნია, ხელი მოკიდა და ბაღში დააბრუნა. სახლში დარეკეს ბაღიდან, რომ ნინუცა ტიროდა და ჩემებიც 5 წუთში ადგილზე გაჩნდნენ. ამ საშინელ ამბავს ვერაფრით ვერ გავიგებდით, რომ არა ის ორი ქალბატონი, რომლებიც ბაღის კართან იდგნენ და ბავშვის პატრონს ელოდნენ. დაბნეულობისგან მათი ვინაობა და კოორდინატები ვერ იკითხეს ჩემებმა. ნინოს შუბლზე აქვს სილურჯე, რომელიც დილით არ ჰქონდა. არ ვიცი, წაიქცა თუ დაეჯახა რამეს.
მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის, ყველა მძღოლს, რომლებმაც, დარწმუნებული ვარ, საოცარი მანევრები აკეთეს საშინელების თავიდან ასაცილებლად. ნინოს სიმაღლიდან გამომდინარე ის მანქანიდან არც ჩანს კარგად, საუბარი მაქვს ყაზბეგის გაზირზე, დღის 2 სთ-ზე , როგორი მოძრაობაა ყველამ იცით. უღრმესი მადლობა იმ ორ ქალბატონს, რომლებმაც შვილის სიცოცხლე მაჩუქეს. რომ არა ისინი, არ ვიცი, დაბნეული ბავშვი თამარაშვილის თუ დელისის მიმართულებით გაიქცეოდა.
მოგმართავთ ყველას, თუ ვინმემ დაინახეთ ან იცით რაიმე მომხდარის შესახებ, მომწერეთ. არ ანდოთ თქვენი შვილები ამ „ყურადღებიან“ აღმზრდელებს!!! შურისძიება არ მალაპარაკებს, თავს ვთვლი ვალდებულად, თქვენი და თქვენი შვილების წინაშე”!