თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დათა ახალაიას წინააღმდეგ პროცესი განახლდა. სხდომაზე კიდევ ერთი სახელმწიფო ბრალდების მოწმე დაიკითხა, რომელიც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილეა.
მისი განცხადებით, 2006 წლის 27იანვარს სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე მანქანით აიყვანა ოქროყანის სასაფლაოზე, სადაც მათ დათა ახალაიას დავალებით გაუსწორდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, მოწმის ჩვენება ადასტურებს დათა ახალაიას ბრალეულობას, რასაც არ დაეთანხმა დაცვის მხარე.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჩვენება იყო მნიშვნელოვანი, რადგან აღნიშნული ჩვენებით ბრალდების ორი მოწმის ბიბილურიძის და აფციაურის ჩვენება სრულად გამოირიცხა. მალხაზ ველიჯანაშვილის თქმით, მოწმემ განაცხადა, რომ გასროლა განახორციელა ბიბილურიძემ, რაც თავად ბიბილურიძის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდება.
„არსებობს საფუძველი რომ ბიბილურიძის ჩვენებაში ეჭვი შევიტანოთ და ჩვენ სასმართლოს წინაშე დავასაბუთებთ ამ გარემოებას, რომ ბიბილურიძის ჩვენება არ უნდა იქნეს არაფრით გაზიარებული,“-განაცხადა დათა ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ახალაიას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე ედება ბრალად.