მთელ ამ ორწლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის და “რესპუბლიკური პარტიის” დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ შორის განსხვავებას ვერ ხედავს.
”ჩემთვის ასეთი სერიოზული განსხვავებები ამ პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის იმიტომ, რომ იგივე პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების თაობაზე, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე. საუბრობდნენ იმაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია, იმის თაობაზე, რომ თურმე როდესაც პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის სხდომას, ტელევიზიით უნდა მოუწოდო დეპუტატებს, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე იმიტომ, რომ დეპუტატი თურმე პარალამენტში არ უნდა მიდიდოდეს პრეზიდენტის დაძახებულზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა მათ, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემაზე და საპრეზიდენტო გამოსვლებზე.
”ეს არის ის გუნდი, რომელიც ხშირად ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, ბატონი ”ქართული ოცნების” დეპუტატი და ”რესპუბიკური პარტიის” დეპუტატი უნისონში გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპოდენცია არ მიეღო უცხოეთიდან.
მე ერთადერთი შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ მთელ ამ პოლიტიკურ ორ წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა და რომელთანაც შესაძლებელი იყო მანამდეც კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, რომ მომავალშიც ასე იქნება, ეს არის გიორგი კვირიკაშვილი. რომელიც არასადროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი და როგორც ვიცე-პრემიერი.
დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვიმსჯელო, მაგრამ ამ პროცესს აქვს თავისი ისტორია და მეთოდურად როდესაც შენს პრინციპებს ღალატობ, ეს გიბრუნდება უკან”. – ამბობს პრეზიდენტი.