ახალი ამბები მთავარი სამართალი

ოთარ აბესაძის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, აბესაძე საჯარო მოხელე არ არის, მას მერიაში უფლებამოსილება 2017 პირველ  ივლისს გამოძიების დაწყებამდე შეუწყდა, რის გამოც ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს:

“ვიცით, რომ დღეს პროკურატურა აღმკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვს. ის საჯარო მოხელე არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ აღკვეთის სახით გირაოს და ბრალის კვალიფიკაციის შეცვლას. რაც შეეხება საქმეს, მე ვერ ვისაუბრებ, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს,”-განაცხადა ჭკადუამ.

თბილისის საქალაქო სასამართლო მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს მსჯელობს. ბრალდების მხარე მერიის თანამშრომლის პატიმრობას მოითხოვს.

ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წაუყენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი, 3 000 აშშ დოლარი მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

იტვირთბა....