ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოკლული 25 წლის გოგონას დედა ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალება თავად მოითხოვა

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულის, ვეფხია ბაქრაძის ყოფილი მეუღლე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის შეწყალების შესახებ თხოვნით კომისიას მიმართა.
ნათია გობაძე ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძემ მას შეწყალების თხოვნის დაწერა ციხიდან სთხოვა. გარდაცვლილის დედა ყვება, რომ მან ეს გადაწყვეტილება ქმრის შვილისთვის მიიღო, რათა მას სოციალური შემწეობა მიეღო. მას არ ეგონა, რომ მოძალადე ქმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებდა.

„ციხიდან დამირეკა თვითონ. შეწყალება კეთდებაო და იქნებ მე თუ არა, ჩემს შვილს დაეხმაროსო, რომ სოციალური გაკეთდებაო. მე ვუთხარი, რომ შენთვის არა შენი შვილისთვის გავაკეთებთქო. მისმა შვილმა დამირეკა, გამომყვები რომ შეწყალება დაწეროო?თავის შვილიც აღფრთოვანებული არ იყო მაგით… შემაწუხაო… იმ დღეს ვერ დავწერეთ, სამი დღის მერე მივედით და დავწერე ორი სიტყვით, რომ „გთხოვთ შეიწყალოთ“. მერე დამირეკა და მითხრა, რომ სულ ეგ იყო და მეტი სათქმელი არაფერი გქონდაო? არ დაკანონდა , უარყოფითი პასუხი მომივიდაო“- ამბობს ნათია გობაძე.

მოკლული 25 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ ვეფხია ბაქრაძე მას ციხიდან დაემუქრა:
„რომ გამოვალ მაქედან მეც არ გაგითვალისწინებო. ამის მერე წელიწადნახვარზე მეტი მირეკავდა ციხიდან და არ ვპასუხობდი. სულ მსაყვედურობდა და მთხოვდა მივსულიყავი ციხეზე“- ამბობს გობაძე “რუსთავი2”-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ყელი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს. საზარელი მკვლელობა 13 აპრილს თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში, მოხდა. საცხოვრებელ სახლში მეზობლები ბავშვების განწირული ყვირილის შემდეგ შევიდნენ. მკვლელობის მთავარი მოწმეები მოკლულის 3 და 6 წლის შვილები არიან. სწორედ მათგან გახდა ცნობილი სავარაუდო მკვლელის ვეფხვია ბაქრაძის ვინაობა.

მკველობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელიც გარდაცვლილის დედის ყოფილი ქმარია, სოფელ თელეთში დააკავეს. მას ბრალი დაუმძიმდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვეფხვია ბაქრაძემ საპყრობილე უდოს კომისიის შეწყალების შემდეგ 2017 წლის მაისში დატოვა. ის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა.

იტვირთბა....