პოლონეთის ქალაქ ლოძის პოლიცია საქართველოს 39 წლის მოქალაქე მამუკა ხეცურიანზე ეძებს, რომელიც დაკავშირებულია 28 წლის პაულინა დ-ს გაუპატიურებასა და მკვლელობასთან. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარითაა გამოცხადებული.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ხეცურიანმა ქალი მიიყვანა საერთო საცხოვრებელში სადაც მშენებლობაზე მომუშავე უცხოელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცავების მონაცემებით ქალი ცემით მოკლეს და დამნაშავეები სექსუალური მოტივით მოქმედებდნენ. სიკვდილის მიზეზი კისერში მახვილი საგნის, სავარაუდოდ დანის დარტყმა გახდა. ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ქალის ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დაადგინეს. ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 2 პირი: საქართველოს და ბელორუსის მოქალაქეები.
პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით წარმოშობით ქუთაისელმა მამუკა ხეცურიანმა ქალაქი ლოძი 20 ოქტომბერს დატოვა და 21 ოქტომბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, ამჟამად კი სავარაუდოდ საქართველოში იმყოფება.