აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, – ამის სესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
“ინაგურაციის პარალელურად აქციის დაგეგმვაზე საუბრის გამო, მსურს, საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ეს არჩევნები ჩატარდა უდიდესი დარღვევებით. საუბარმა არალეგიტიმურობაზე, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე, იმაზე, რომ ზურაბიშვილი არაა ქვეყნის პრეზიდენტი და ა.შ. გამოიწვია ის, რომ საერთაშორისო შეფასებები იყო ბევრად ნაკლებად კრიტიკული, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო. შედეგად, ივანიშვილის ხელისუფლება ნაკლებად დაზიანდა, ვიდრე საჭირო იყო. ამიტომ, მე პირადად, აღარ ვაპირებ არანაირ აქციაში მონაწილეობის მიღებას, რომელზეც გრიგოლ ვაშაძეს მიესალმებიან, როგორც საქართველოს პრეზიდენტს. ეს მხოლოდ აზიანებს ოპოზიციის ინტერესებს ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ყველგან და ყოველთვის გავაპროტესტებ სალომე ზურაბიშვილის არჩევას იმ არჩევნების გზით, რომელიც არც დემოკრატიული იყო და არც სამართლიანი. გავაპროტესტებ იმას, რომ ივანიშვილს მიტაცებული აქვს ქვეყანაში სრული ძალაუფლება. ახალგაზრდა ქართული დემოკრატია ყოფნა-არყოფნის ზღვარზე გადის. ამ გამოწვევის დაძლევას სჭირდება კარგად გათვლილი და მრავალსვლიანი გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც”, – წერს დეპუტატი Facebook-ზე.