აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

რუსებმა გამშვები პუნქტები დახურეს: გაააქტიურებს თუ არა ვიზალიბერალიზაცია აფხაზებს და ოსებს?

 

ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებიდან გარკვეული მესიჯები გაჩნდა. დე-ფაქტო ხელისუფლება განცხადებას კი ავრცელებს და შიშობს, რომ უვიზო რეჟიმი ევროპასთან გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. თუმცა, ისინი თვლიან, რომ ოფიციალური თბილისი მაინც ვერაფერს შეცვლის. საინტერესო არა იქაური ე.წ. ხელისუფლების აზრია, არამედ საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. რას შეცვლის ვიზალიბერალიზაცია მათთვის? როგორ იქნება შესაძლებელი მათ გამოიყენონ ეს ისტორიული მოვლენა ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებმა…

“იმათ, ვინც ქართულ პასპორტს აიღებს, აფხაზეთის შიგნით ნეგატიური რეაქცია ელოდება. თუმცა ეს გარდაუვალია. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ევროპაში ქართული პასპორტით ჩაფრინდებიან და იქ სელფის გადაიღებენ. ისეთებიც ბევრნი იქნებიან, ვინც მათ ამისათვის აფხაზეთში გაკიცხავენ“, – ასე ეხმაურება  აფხაზური მედია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე ევროპარლამენტის დადებით გადაწყვეტილებას .

რამდენად დააინტერესებს ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივა? ეს კითხვა,  როგორც ქართულ  ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც უჩნდება.

გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პროცესს წარმატება ელის? უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, ქართული პასპორტის აღების სურვილს გამოთქვამენ? როგორი იქნება აქტიურობა? რას გამოიწვევს და როგორ იმოქმედებს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის? გამოჩნდებიან თუ არა ისეთები, რომლებიც დაინტერესდებიან ამ პერსპექტივით? ამ კითხვებით „მეტრონომმა“ ექსპერტებს და სპეციალისტებს მიმართა.

ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, ფუჭი მოლოდინი არც ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არც დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობაში არ უნდა შეიქმნას, რადგანაც ამის სურვილი რომც იყოს, სეპარატისტული ხელისუფლება და რუსული სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამან მასობრივი სახე არ მიიღოს.

ამასთან დაკავშირებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის შსს სპეციალური განცხადება უკვე გაავრცელა, სადაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია ეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და არა აფხაზეთის მოქალაქეებს.

„ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც თბილისის ხელისუფლების კიდევ ერთ უხეშ მცდელობას, აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეები საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივ სივრცეში შეიტყუონ. ცხადია, რომ ე.წ. “ნეიტრალური პასპორტების” იდეის სრული კრახის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ სატყუარას იყენებს აფხაზეთის მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის პროცედურებთან დაკავშირებით. ეჭვგარეშეა, რომ თბილისის ახალი მცდელობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსკენ გადაიბირონ, კრახით ისევე დასრულდება, როგორც ყველა ადრინდელი. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის შსს აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მცდელობა, აფხაზეთი საკუთარი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენონ, უპერსპექტივოა. თუკი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად აინტერესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილება, მაშინ მათ უარი უნდა თქვან საერთაშორისო იზოლაციაზე, რომელშიც მათ ვყავართ” – ნათქვამია აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა საქართველოს უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნაწილს, ქართული პასპორტების აღების და ევროპაში უვიზოდ მოგზაურობის სურვილი გაუჩნდება.

მისი თქმით, ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებული დაინტერესება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

დავითაია ფიქრობს, რომ ამ კუთხით აფხაზეთში პროცესები აუცილებლად განვითარდება, თუმცა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ და კრემლმა, ამის საწინააღმდეგო თადარიგი უკვე დაიჭირეს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების დიდი ნაწილი გააუქმეს.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ კუთხით აუცილებლად უნდა იმუშაოს. თუმცა, მთავრობას ამ მიმართულებით ჯერ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტულმა ხელისუფლებამ და კრემლმა, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, თადარიგი უკვე დაიჭირეს. აფხაზეთში როგორც მედიამ, ასევე უსფრთხოების სამსახურებმა გუშინდელი დღიდანვე აქტიური საინფორმაციო პროპაგანდა დაიწყეს.

რუსეთის სპეცსამსახურები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების სურვილს, რომ მათ ქართული პასპორტები აიღონ და ევროპაში იმოგზაურონ, იდეაშივე ჩაახშობენ.

რუსეთის მხრიდან ბოლო კვირების განმავლობაში დაწყებული ქმედებებით უკვე ვნახეთ,როდესაც მათ გამშვები პუნქტების გაუქმება დაიწყეს. უკვე მოლოდინი აქვთ, რომ აფხაზი ახალგაზრდების ინტერესი დიდი იქნება.

თუმცა იმედი, რომ აფხაზები და ოსები ქართულ პასპორტებს აიღებენ და რუსებს თავს შესწირავენ მცდარი მოლოდინია. ასეთ ადამიანებს კარგ შემთხვევაში სცემენ და უარეს შემთხვევაში კაცმა არ იცის რას უზამენ.

ამიტომ, რელურად თავს საფრთხეში ნაკლებად ჩაიგდებენ. რა თქმა უნდა,აფხაზებს ეს ფაქტი დააფიქრებთ, მითუმეტეს, როდესაც რუსებთან მათი მომავალი უკვე ბინდოვანი გახდა.

ფაქტია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რუსების მიმართ უკვე საკმაოდ აგრესიულები არიან და ამბობენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები საქართველოს ხელისუფლების ფონზე იმდენად კარგად მუშაობენ, რომ მხოლოდ  იმედ გაცრუება საკმარისი ვერ იქნება“-ამბობს დავითაია.

კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და მოსახლეობას ფუჭი მოლოდინი არ უნდა გაუჩნდეს, რომ აფხაზები და ოსები  ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, ქართული პასპორტების მასობრივად აღებას დაიწყებენ.

მისი აზრით, მათ შესაძლოა ამის სურვილი ჰქონდეთ, თუმცა ეს რისკებთან არის დაკავშირებული, რომელიც როგორც სეპარატისტული ხელისუფლებისგან, ასევე რუსეთის უშიშროების სამსახურიდან მოდის.

კანაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინტერესი, ახალგაზრდებსა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ექნებათ, მაგრამ საფრთხიდან გამომდინარე, ეს სურვილი რეალობაში ნაკლებად განხორციელდება.

„სხვადასხვა შეხვედრებზე აფხაზებიც და ოსებიც, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ. რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, ევროპაში მოგზაურობის და წასვლის სურვილი აქვთ, თუმცა ეს სურვილი იმდენად საფრთხის მატარებელია, რომ ამის გამო არ მგონია, მათ თავი გაწირონ.

თანაც აფხაზეთში ჯერ კიდევ  დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან და საქართველოს კვლავ რუსეთი ურჩევნიათ. სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა რუსული პასპორტი საკუთარი სურვილით აიღო. საქართველოს პასპორტი მათ დიდად არაფერში ადგებოდათ.

ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ აქ იძულებით გადაადგილებულ ხალხს  უნდა მიხედოს და აფხაზეთში მაცხოვრებლებზე შემდეგ იფიქროს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, რომ უვიზოდ ევროპაში გადაადგილება ძალიანაც აინტერესებთ, მაგრამ შიგნით რაიმე სახის პოლიტიკურ ძვრებს ამის საფუძველზე, არ ველი.

მართალია თავად სეპარატისტულ ხელისუფლებაშიც გამოჩნდა, რომ ამ კუთხით გარკვეული შიში არსებობს, თუმცა რუსული სპეცსამსახურები იმდენად კარგად მუშაობენ, რომ არ მგონია ასე ღიად ქართული პასპორტების აღება ვინმემ გაბედოს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი დადებითი სიგნალია, რომელმაც შესაძლოა, რომ იქ მაცხოვრებელი საზოგადოების ნაწილი დააფიქროს“ – ამბობს კანაშვილი.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....