aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქმა თავის მოსაყდრედ შიო მუჯირი დაასახელა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქაშუეთის ეკლესიაში გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ მოსაყდრე დაასახელა.

“მინდა, წაგიკითხოთ ბრძანება, რომელიც დღეს დაიწერა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)”.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია მოსაყდრის პოზიციის შესახებ ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, საპატრიარქო ტახტს მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. დებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.

რაც შეეხება სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის ბიოგრაფიას, მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში.

1993 წელს, 5 თებერვალს, მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს ბერად და უწოდეს სახელად შიო. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.

1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა.

1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.

იტვირთბა....