ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კახა კალაძის განცხადება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არ იყო დედაქალაქის მერის განცხადება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, ის უფრო ჰგავდა დამნაშავე ბიზნესმენის პოზიციას, რომელიც თავის გამართლებაც ცდილობს. “ნაციონალური მოძრაობა” კახა კალაძის დაკითხვას ითხოვს.
„ეს იყო ერთი დაპატარავებული ბიზნესმენის დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცის, რომ მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოებაზე თავად არის პასუხისმგებელი, მათ შორის “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მენეჯერი არის კახა კალაძე, შესაბამისად, დღევანდელი მისი განცხადება ეძღვნებოდა მის, როგორც ბიზნესმენის თავის მართლებას.
კალაძეს საერთოდ დაავიწყდა, რომ წარმოადგენს “ქართულ ოცნებას” და “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გახლავთ, მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე და თავიდან აირიდა პასუხისმგებლობა, მან ხაზგასმით თქვა, რომ უსაფრთხოება, რომელიც დაკავშირებულია ბუნებრივი აირის გამართულ მუშაობასთან მასზე პასუხისმგებელი არის ცენტრალური ხელისუფლება და მის დაქვემდებარებაში მყოფი სემეკი, მას საერთოდ დაავიწყდა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენელია და პარტიის გენერალური მდივანიც გახლავთ. დაიკითხოს დედაქალაქის მერი, რომელმაც ორი თვის წინ ფონიჭალაში რომ ტრაგედია მოხდა, ამის შემდეგ პრევენციული ზომები არ მიიღო, ასევე მნიშვნელოვანია კალაძე დაიკითხოს, როგორც “ყაზტრანსგაზის” არაფორმალური მმართველი და მენეჯერი, მასში დასაქმებული ჰყავს “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომელსაც პროფესიონალიზმთან ჩავლილიც კი არ აქვს, ოპოზიცია მოვითხოვთ დედაქალაქის მერის, “ყაზტრანსგაზის” მფლობელისა და მენეჯერი, კახი კალაძე.
გარდა ამისა, გამოძიება დაიწყოს შემდეგ საკითხზე: არჩევნებმადე “ყაზტრანსგაზს” ბიუჯეტმა ჩამოაწერა 100 მილიონის დავალიანება, რის შემდეგაც “ყაზტრანსგაზი” აღმოჩნდა კახი კალაძის ხელში,“- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.
პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.
თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა.