ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ირაკლი კობახიძე: სარალიძის საქმესთან დაკავშირებული აქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა მართული

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის საქმეზე მიმდინარე აქციები “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა მართული.

როგორც მან გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა,  საპარლამენტო კომისიამ, რომელმაც ამ საქმეზე იმუშავა, პროკურატურის მსგავსი დასკვნა დადო.

“სარალიძის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ნახა რა არის სიმართლე. კომისიამ იმუშავა 3 თვის განმავლობაში, ამ კომისიას ხელმძღვანელობდა უმცირესობა და მათ ჰქონდათ უმრავლესობა კომისიის შიგნით და 3 თვის თავზე კომისიამ დადო ზუსტად იგივე შედეგი, რაც პროკურატურამ დადო.

ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია. პროცესი არის მთლიანად მართული. ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც თუ არ არსებობს 100%-იანი დასტური ეჭვმიტანილთან დაკავშირებით, ეს ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასაც აქვს თავისი ფასი”- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, 100%-იანი ვერ დგინდება, მაგრამ 90%-იანი უტყუარობით ამაზე ინფორმაცია არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციებს პერმანენტულად მართავს, რათა დაადგინოს ვინ არის მისი შვილის მკვლელი. სასამართლომ ამ საქმეზე მიმდინარე პროცესების შემდეგ გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც ცნობილია მხოლოდ მეორე მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მკვლელი, ხოლო დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა ცნობილი არ არის. მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე აქციებს მართავს პარლამენტის წინ, რომელიც ითხოვს თავისი შვილის მკვლელის გამოვლენას და მის დასჯას.

იტვირთბა....