საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი ადასტურებს, რომ ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული და პროცესს ტექნიკურ დახმარებას უწევენ.
ელჩი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, მონაწილეობდა თუ არა ამერიკული მხარე უშუალოდ სპეცოპერაციაში.
როგორც კელიმ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის ერთობლივად გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან საქმე საერთაშორისო ტერორიზმს ეხება.
„აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება, საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა და დავსვით კითხვები. აშშ ჩაერთო გამოძიებაში – გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი“, – აღნიშნა ელჩმა.
21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.