ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ გგონიათ, თქვენი რებრენდინგი საქართველოში ვინმემ დაიჯერა, ძალიან ცდებით“: პრემიერი ბოკერიას

დღეს პარლამენტში მთავრობა საპარლამენტო უმცირესობას ხვდებოდა. გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლისთან დაკავშირებულ საკითხს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათი მოჰყვა:

„რას გვთავაზობთ, როგორ უნდა დავაპატიმროთ ოთხოზორიას მკვლელი. იქნებ, გქონდეთ საინტერესო რეცეპტები მის დასაკავებლად აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა პრემიერს უსაყვედურა, რომ ოთხოზორიას საკითხზე მთავრობას წერილები არ აქვს გაგზავნილი ევროპარლამენტში. თუმცა, როგორც პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნეს, წერილები არსებობს და ისინი საჯაროა. თავის მხრივ პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია რესურსს ტყუილად ხარჯავს:

„კანდელაკი რაზე ხარჯავს თქვენს რესურსს ამაზე ილაპარაკეთ. რა მიგაჩნიათ სწორად, რომ ქვეყანაში რუსები არიან ხელისუფლებაში? ამას წერს კანდელაკი ევროპარლამენტარებს. მთელ მსოფლიოს გინდათ დააჯეროთ და ვეღარ გაგივიდათ ეგ, იმიტომ, რომ გატეხა სიმართლემ ის ფარდა, რომელიც თქვენ გქონდათ ჩამოშვებული, რომ საქართველოში მოვიდა პრორუსული ხელისუფლება. ეს აღარ გაქვთ სალაპარაკო და რაღაცებს ცდილობთ. რებრენდინგი რომ გაიარეთ, ბატონო გიგა, თუ გგონიათ, თქვენი რებრენდინგი საქართველოში ვინმემ დაიჯერა, ძალიან ცდებით“, – მიმართა პრემიერმა გიგა ბოკერიას.

სხდომისას დაწყებული კამათი მისი დასრულების შემდეგაც გაგრძელდა.

იტვირთბა....