არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ეს სამი არასამთავრობო მსხვერპლია, რადგან დავალება ნაციონალური მოძრაობისგან მიიღეს”

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუილშია გამოჭერილი.

ტყუილი ჩემთვის ნათელია. მას შემდეგ, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროკურატურაში არ და ვერ წარადგინეს მტკიცებულებები, რადგან თავად აღიარეს, რომ არ ჰქონდათ, გაჩნდა მოსაზრებები, რომ მათ უბრალოდ შესაძლებელია ამ ტყუილის თქმის შესახებ დავალება მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისგან“. ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს სამი არასამთავრობო ორგანიზაცია არის მსხვერპლი, რადგან ჩემი ვარაუდით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდებოდა არასამთავრობო რუპორი, რომ საჯაროდ ეთქვა ტყუილი, რათა ეს ტყუილი გამხდარიყო დამაჯერებელი. ეს ტყუილი ვერ დადასტურდა, რადგან ტყუილია და დღეს რეალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ მათი თითქოს წამოწეული პრობლემა ჩაიფარცხოს. ეს პრობლემა ვერ ჩაიფარცხება, რადგან ჩვენ ვართ პირველები, ვინც ვითხოვთ, რომ გამოძიება გაგრძელდეს, რადგან ტყუილის ფაქტი კიდევ უფრო აშკარა და ნათელი გახდეს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებმა“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განაცხადეს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები პროკურატურამ გუშინ გამოკითხა. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მათ ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ დაასახელეს.

 

იტვირთბა....